მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთების მიზნით პარლამენტი მუშაობას იწყებს

6350f1893917c
BM.GE
20.10.22 11:06
604
ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქტიურ მუშაობას იწყებს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თემატურ საკითხზე მომხსენებელმა ლევან ქარუმიძემ სატელეკომუნიკაციო მომსახურების სფეროსთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთების შესაძლებლობები განიხილეს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

ცნობისთვის, საქართველოს, EU-სა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს შორის როუმინგული ტარიფების შემცირებაზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2021 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და EU-ს შორის როუმინგის რეგულირების შეთანხმების პროექტზე მუშაობა დასრულდა. თუმცა, 2022 წელს ამ მიმართულებით ჯერჯერობით ახალი ნაბიჯები არ გადადგმულა. კითხვით თუ რა კეთდება ამ მიმართულებით დეპუტატმა ლევან ქარუმიძემ ეკონომიკის სამინისტროს ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში მიმართა.

“გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის დეკემბრის თვეში დასრულებული ჰქონდა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და მზად იყო ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, თუმცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანას არ ჰქონდა დასრულებული პროცედურები.

ამასთან, 2022 წელს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შეაჩერა EU4Digital პროგრამა და შესაბამისად ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესები. მიმდინარე მომენტისთვის, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცედურების განახლების პერიოდი სამინისტროსთვის ცნობილი არ არის. აღნიშნულზე, ინფორმაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მოაწვდის ევროკომისია.

ამასთან ერთად, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ევროკავშირისთვის პირდაპირ მიმართვის თაობაზე. აღნიშნულს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უახლოეს პერიოდში დიპლომატიური არხების საშუალებით შეატყობინებს ევროკომისიას,”- ეწერა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის მიერ გაცემულ პასუხში.

პლატფორმა EU4Digital-მა როუმინგის ტარიფების ჰარმონიზების შესახებ პირველი კვლევა ჯერ კიდევ 2017 წელს მოამზადა, ხოლო 2019 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც ამ მიმართულებით სტანდარტებისა და ინფრასტრუქტურის ცვლილებებს განიხილავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები