BBC ინფორმაციით, ევროკავშირის ოთხი ქვეყანა კოორდინირებულად 40-ზე მეტ რუს დიპლომატს სავარაუდო ჯაშუშობის გამო აძევებენ. საუბარია ნიდერლანდებზე, ბელგიაზე, ირლანდიასა და ჩეხეთზე.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფი ვილმესმა დეპუტატებს განუცხადა, რომ ბრიუსელში რუსეთის საელჩოს და ანტვერპენში საკონსულოს პერსონალის 21 წევრს ქვეყნის დატოვება სთხოვეს. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება. რუს დიპლომატებს ორი კვირა მიეცათ ქვეყნის დატოვებისთვის.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ნიდერლანდებთან ერთად გადადგა, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის 17 რუს დიპლომატს აძევებს.
ხოლო, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მიხოლ მარტინმა დეპუტატებს განუცხადა, რომ მისმა მთავრობამ ოთხი რუსი დიპლომატი მას შემდეგ გააძევა, რაც დაზვერვის წარმომადგენლებისგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რჩევები მიიღო.
მარტინმა თქვა, რომ ოფიციალურ პირებს სთხოვეს დაეტოვებინათ სახელმწიფო, "რადგან მათი საქმიანობა არ შეესაბამება დიპლომატიური ქცევის საერთაშორისო სტანდარტებს".
ამის პარალელურად, ჩეხეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა, რომ პრაღიდან გაძევებული დიპლომატი რუსეთის ელჩის მოადგილე იყო.




























