პლანეტის უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე ევროკავშირის ბიუროკრატია გააკრიტიკა და საზოგადოება გააფრთხილა, რომ „სუსტი“ ევროპის კონტინენტი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდ ეკონომიკურ რისკს წარმოადგენს.
„ევროპას რეალური პრობლემა აქვს“, - განაცხადა დაიმონმა. მისი თქმით, მიუხედავად სოციალური რეფორმისა და ჯანდაცვის შესანიშნავი სისტემისა, ევროპულმა ბიუროკრატიამ გამოიწვია ბიზნესის, ინვესტიციების და ინოვაციების გადინება, რომელმაც კონტინენტი ეკონომიკურ სტაგნაციამდე მიიყვანა.
პრობლემის გამოკვეთის პარალელურად, მან ასევე მოუწოდა აშშ-ის მთავრობას, რომ აქტიურად დაეხმაროს ევროპას გამოწვევების გადალახვაში: „ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი სტრატეგია, რათა დავეხმაროთ ევროპელებს გაძლიერებაში, რადგან სუსტი ევროპა ჩვენთვის ცუდია.“
დაიმონის თქმით, იზოლაციონისტური პოლიტიკა აშშ-ს წარმატებას არ მოუტანს და ევროპისგან დისტანცირებით ქვეყანა გრძელვადიან სარგებელს ვერ მიიღებს. JPMorgan-ის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამერიკულმა კომპანიებმა და ინვესტორებმა ევროკავშირს დახმარება უნდა გაუწიონ, რადგან მისი ჩამორჩენა მომავალში პირდაპირ აისახება აშშ-ის ეკონომიკის შეფერხებაზე – განსაკუთრებით ჩინეთის და BIRCS-ის ქვეყნების გააქტიურების ფონზე.
ამ განცხადებით დაიმონი, გარკვეულწილად, პრეზიდენტ ტრამპის ბოლოდროინდელ პოლიტიკას აკრიტიკებს, რომელიც აშშ-ის საგარეო სტრატეგიას გლობალური დომინაციიდან ლოკალურ კონცენტრაციაზე ცვლის.




























