მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა 2023 წელს რეკორდული რაოდენობის ბინადრობის ნებართვა გასცა

ეუ

გასულ წელს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მესამე მსოფლიო ქვეყნების მოქალაქეებზე რეკორდული რაოდენობის, 3.7 მილიონი, ბინადრობის ნებართვა გასცა - ბლოკმა მონაცემების შეგროვება 2013 წლიდან დაიწყო, შესაბამისად, მაჩვენებელი 10-წლიანი მაქსიმუმია.

ბინადრობის ნებართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში კონკრეტული ვადითა და კონკრეტული მიზნით ცხოვრების საშუალებას აძლევს. მიზანი შესაძლო იყოს საგანმანათლებლო, სამუშაო ან ჰუმანიტარული.

Eurostat-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი, 307 313 ნებართვა უკრაინის მოქალაქეებზე გაიცა, 281 279 - ბელარუსის, 207 966 კი - ინდოეთის მოქალაქეებზე.

ბინადრობის ნებართვების მნიშვნელოვანი წილი გაიცა რუსეთის მოქალაქეებზეც - ჯამში 115 ათასზე მეტი ნებართვიდან ძირითადი ნაწილი ოჯახური მიზნებით იყო განპირობებული.

იმ ქვეყნების TOP 10, რომლის მოქალაქეებზეც ყველაზე მეტი ნებართვა გაიცა, ასე გამოიყურება:

  1. უკრაინა - 307.3 ათასი
  2. ბელარუსი - 281.3 ათასი
  3. ინდოეთი - 208.0 ათასი
  4. მოროკო - 179.2 ათასი
  5. სირია - 168.7 ათასი
  6. თურქეთი - 122.1 ათასი
  7. რუსეთი - 115.7 ათასი
  8. ჩინეთი - 107.7 ათასი
  9. ბრაზილია - 91.5 ათასი
  10. ავღანეთი - 90.1 ათასი

ამასთან, 2023 წელს სამუშაო მიზნით უფრო მეტი ნებართვა გაიცა, ვიდრე - ჰუმანიტარული. სამუშაო ნებართვებმა 3.7 მილიონიდან 33.8%-იანი წილი დაიკავეს, ოჯახურმა - 26.4%, ჰუმანიტარულმა - 25.6%, ხოლო საგანმანათლებლო მიზნით ნებართვების 14.3% გაიცა.

ყველაზე დიდი ზრდა 2022 წელთან შედარებით, საგანმანათლებლო მიზნით გაცემული ნებართვების რაოდენობაზე დაფიქსირდა, რომელთა ძირითადი ნაწილიც ინდოეთის, ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებმა მიიღეს.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, 2023 წელს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ბინადრობის ნებართვა 33 898 ქართველს მიანიჭეს, საიდანაც ყველაზე მეტი, 19 411 ნებართვა სამუშაო მიზნით გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები