ეროვნული ბანკის საერთაშორისო კონსულტანტი, დევიდ ვავრა რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას რისკად მიიჩნევს. ამის შესახებ მან სებ-ში გლობალური ეკონომიკური ტენდენციების და რეგიონზე მათი გავლენის შესახებ კონფერენციის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც დევიდ ვავრამ მთავარი რისკების შესახებ BMG-ს კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო უკრაინაში ომით გამოწვეული მიგრანტების ეფექტით, თუმცა ამ ეფექტის ხანგრძლივად არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ექსპერტის შეფასებით, საქართველოსთვის რუსეთის ბაზრის ალტერნატივა ევროკავშირის ბაზარია.
„არა მხოლოდ რეგიონის, გლობალურმა ეკონომიკამ დიდი ტურბულენტობა გაიარა გასულ 4 წელში. დაწყებული კოვიდით, საქონლის ფასების შოკი, ომი უკრაინაში, ამ ყველაფერმა გავლენა იქონია გლობალურად და კონკრეტულად ამ რეგიონზე. რეგიონმა მიიღო მნიშვნელოვანი სარგებელი სავაჭრო ნაკადების რელოკაციით და ფინანსური ნაკადებით, რომლებიც უკავშირდება ომს უკრაინაში. ბევრმა მიგრანტმა და მათთან დაკავშირებულმა ფინანსურმა ნაკადებმა წაახალისა შემოსავლის ზრდა და შესაძლებელი გახადა მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოსა და რეგიონში. ეს შესაძლოა გარკვეული პერიოდი გაგრძელდეს და სარგებელი მოიტანოს, თუმცა კითხვა და მთავარი გამოწვევაა, ექნება თუ არა გრძელვადიანი სარგებელი ამ მოკლევადიან ტურბულენტობას 2025 წელს და შემდგომ პერიოდში.
როგორც ჩანს, რუსეთთან ვაჭრობა ამჟამად და გასული რამდენიმე წელი ზრდისთვის სარგებლის მომტანი იყო, თუმცა სავარაუდოა, რომ სამომავლოდ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება უარყოფითი ფაქტორი და რისკი იქნება. ამიტომ, ვაჭრობისა და ფინანსების სხვა ბაზრებზე, კერძოდ ევროპისკენ სწრაფი გადამისამართება მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა დევიდ ვავრამ.
მისი შეფასებით, აღნიშნული გამოწვევის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ეცადოს მაქსიმალური სარგებლის მიღებას ევროკავშირის დახმარებისგან და იხელმძღვანელოს ამ მიმართულებით არსებული წარმატების მაგალითებით.
„ეკონომიკა და ზოგადად რეგიონი არასაკმარისადაა კაპიტალიზებული. ვგულისხმობ ორივეს, ფიზიკურ კაპიტალს და ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმ დაფინანსების მაქსიმალური გამოყენების მცდელობა, რომელსაც ევროკავშირი უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით ბევრი მაგალითია, რომელსაც შეგიძლიათ მიჰყვეთ. მე თავად ჩეხეთის რესპუბლიკიდან ვარ, რომელმაც მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო გაწევრიანების ფონდებისგან, რომელიც ხელმისაწვდომია ევროკავშირისკენ მიმავალი ქვეყნებისთვის. საქართველოს იგივე შესაძლებლობა აქვს“,- ამბობს სებ-ის საერთაშორისო კონსულტანტი.