ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, სამშაბათს განაცხადა, რომ სადავო კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით პესტიციდების გამოყენების შემცირებას ისახავდა მიზნად - გაუქმდა.
“მდგრადი გამოყენების რეგულაცია - SUR” ევროკავშირის ლიდერებისთვის განხილვის საკითხად 2022 წლის ივნისიდან იქცა. ბლოკმა ამბიციური გეგმა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის, EU-ის მასშტაბით, ქიმიური პესტიციდების გამოყენება უნდა განახევრებულიყო, ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულად აკრძალულიყო.
კანონპროექტის შესახებ აგროსექტორის წარმომადგენლების აზრი გაიყო და ცხარე დებატების მიზეზადაც იქცა. SUR გასულ წელს ევროპარლამენტში განიხილეს, სადაც რეგულაციას 299-მა პირმა დაუჭირა მხარი, 207-მა - არა, 121-მა კი თავი შეიკავა. მას შემდეგ კანონპროექტი ბლოკის წევრი ქვეყნებისთვის პოლიტიკური მოლაპარაკებების ნაწილია, თუმცა მის განხილვას არც ერთი სახელმწიფო არ ჩქარობს.
“ევროკომისიამ წარადგინა “მდგრადი გამოყენების რეგულაცია”, როგორც ღირსეული მიზანი, პროდუქტების წარმოებაში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების რისკის შემცირებისთვის. თუმცა კანონპროექტი პოლარიზაციის სიმბოლოდ იქცა. ევროპულმა პარლამენტმა მას მხარი არ დაუჭირა და აღარც ევროპულ საბჭოშია რაიმე სახის პროგრესი. ამიტომ კოლეგიას გთავაზობთ, რომ რეგულაცია ჩავაგდოთ”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ევროკომისიის გადაწყვეტილებას ფონად ერთვის “ევროპის მწვანე შეთანხმების” წინააღმდეგ ფერმერთა წინააღმდეგობაც, რომლებიც გარემოსდაცვით რეგულაციებს მტკიცედ აპროტესტებენ, ევროპის მასშტაბით.
“ჩვენი ფერმერები მხოლოდ იმ მიწაში ჩადებენ ინვესტიციებს, რომელიც მათ სასიცოცხლო სარჩოს აძლევს. ისინი კი მოსავლის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ ჩვენ კლიმატისა და გარემოსდაცვით მიზნებს ერთად მივაღწევთ”, - ამბობს ფონ დერ ლაიენი.
რეგულაციის გაუქმება მყისიერი არ არის, ევროკომისრების კოლეგიამ მისი რატიფიცირება უნდა მოახდინოს. კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უწყება პარლამენტს ახალ, გაცილებით უკეთეს დოკუმენტს წარუდგენს და, ვინაიდან ევროპარლამენტის არჩევნები ახლოვდება, კანონპროექტის შემუშავება კომისიისათვის პრიორიტეტული საკითხია.