მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა - რა შეზღუდვებს მოიცავს იგი?

6499554207e7d
გიორგი არონია
26.06.23 13:14
724

ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სექტორების დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამასთან, სანქციების ახალი პაკეტით ე.წ. “შავ სიაში” არაერთი ორგანიზაცია და ადამიანი მოხვდა. თუმცა, როგორც ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, სანქციების ახალი პაკეტის მთავარი ფოკუსი დაწესებული სანქციების ეფექტიანობის გაზრდას, ანუ სანქციების არარიდების მექანიზმის არსებობას ითვალისწინებს, რომელიც, ამიერიდან, მესამე ქვეყნებზეც გავრცელდება.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ახალ პაკეტში ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს სავაჭრო ურთიერთობების კუთხით ვხვდებით. ახალი პაკეტით, ევროკავშირი იტოვებს უფლებას, მესამე რიგის გარკვეულ სახელმწიფოებში სანქცირებული პროდუქტებისა და ტექნოლოგიის გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალოს. კონკრეტულად რა სახელმწიფოები იგულისხმება ახალ რეგულაციაში, ევროკავშირის განცხადებიდან არ ჩანს, მაგრამ სავარაუდოდ, საქმე იმ ქვეყნებს ეხება, რომლებმაც რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ აგრესორ სახელმწიფოსთან ვაჭრობა გააგრძელეს. ევროკავშირის თქმით, ეს განსაკუთრებულ და უკიდურეს შემთხვევაში დასაწესებელი რეგულაციაა.

ევროკავშირის ერთ-ერთი შეზღუდვა ავტომობილების ექსპორტს ეხება, რადგან, ამიერიდან, ძვირად ღირებული ავტომობილების გარდა, რუსეთში მეორეული ავტომობილების ექსპორტიც აიკრძალა. აღნიშნული შეზღუდვა ელექტრომანქანებს და 1.9 ლიტრზე უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ჩვეულებრივ და ჰიბრიდულ ავტომობილებს გულისხმობს. ეხება თუ არა აღნიშნული რეგულაცია საქართველოს, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის, რადგან საქართველოს ხელისუფლების პოზიცია საერთაშორისო სანქციების მიმართ არაერთგვაროვანი და ბუნდოვანია. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სანქცია საქართველოზე გავრცელდება, საქართველო შემოსავლის გარკვეულ ნაწილს დაკარგავს, რადგან 2023 წელს, რუსეთში ექსპორტზე 41 მილიონი დოლარის ავტომობილები გავიდა, გასულ წელს კი ამ მაჩვენებელმა 75 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა, რუსეთთან პირდაპირი ექსპორტის აკრძალვის გარდა, ბუნდოვანია, ითვალისწინებს თუ არა ევროკავშირის ახალი რეგულაცია ავტომობილების საქართველოდან იმ ქვეყნებში ექსპორტს, რომლებიდანაც ავტომობილები რუსეთში შედის - ასეთი ქვეყნის მაგალითად ყაზახეთი ან ყირგიზეთი შეიძლება გამოდგეს.

სანქციების ახალი პაკეტით მეტად გაკონტროლდება რუსეთიდან რკინისა და ფოლადის ნაწარმის იმპორტი, რადგან ამიერიდან, იმპორტიორ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ დაამტკიცონ, რომ რკინა და ფოლადი, რომელიც მესამე ქვეყნიდან შემოაქვთ, რეალურად რუსული წარმოშობის არ არის.

საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, სანქციების ახალი პაკეტით სატრანსპორტო ინდუსტრიის რეგულირებაც არის გათვალისწინებული. სანქციების მე-11 პაკეტით სრულად აიკრძალა ევროკავშირში რუსული ტრაილერებითა და ნახევარმისაბმელიანი ტრანსპორტით საქონლის შეტანა. გზებთან ერთად, ახალი შეზღუდვები ეხება ზღვებსაც - ამიერიდან, იმ გემებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან გემებს შორის სანქცირებული რუსული ნავთობის გადატვირთვაში ან “დიდი შვიდეულის” მიერ დაწესებული საფასო ლიმიტის თავის არიდებაში, ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალებათ. ამასთან, პორტის გამოყენების აკრძალვა შეეხებათ იმ გემებსაც, რომლებიც სულ მცირე 48 საათით ადრე არ შეატყობინებენ შესაბამის უწყებას გემებს შორის საქონლის გადატვირთვის პროცედურის შესახებ, თუ აღნიშნული ქმედება განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ნაპირიდან 12 საზღვაო მილის დაშორებით ხორციელდება. შეზღუდვა ეხება იმ გემებსაც, რომლებიც სანქცირებული რუსული ნავთობის გადატანისას სანავიგაციო სისტემაში ცვლილებები შეაქვთ ან მას საერთოდ თიშავენ.

სავაჭრო და სატრანსპორტო შეზღუდვებთან ერთად, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ სექტორსაც ეხება. ახალი დოკუმენტით, გერმანიასა და პოლონეთს მილსადენით რუსული ნავთობის იმპორტი აეკრძალათ. ამასთან, მკაცრი და და მიზანმიმართული შეზღუდვები დაუწესდა “კასპიის მილსადენის კონსორციუმს” (CPC), რომლითაც ყაზახური ნავთობი რუსეთის გავლით ევროკავშირში ხვდება. სანქციების ახალი პაკეტით 2024 წლის 31 მარტამდე გაგრძელდა იაპონიისთვის სახალინურ ნავთობზე დაწესებული საფასო ლიმიტი.

ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით გაფართოვდა სანქცირებული პირების სია, რომელთაც დამატებით ასი ადამიანი და ორგანიზაცია შეემატა. ევროკავშირის განცხადებით, ამ სიაში მოხვდნენ მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები, ომთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიმღები პირები, უკრაინელი ბავშვების რუსეთში არალეგალურ დეპორტაციაში ჩართული პირები, უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებების მიმღები მოსამართლეები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ძარცვაში შემჩნეული პირები, ბიზნესმენები, პროპაგანდისტები, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მომმარაგებელი რუსული IT-კომპანიები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ბანკები და რუსეთის სამხედრო ძალებთან დაკავშირებული ორგანიზაციები.

ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ იმასაც, რომ სანქციების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, სანქციების საკითხებში  ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი გაერთიანებისთვის მნიშვნელოვან მესამე სახელმწიფოებში ვიზიტებს იწყებს. ამ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც, სადაც ო'სალივანი 26 ივნისს ჩამოვა. საქართველოში ევროკავშირის ოფისის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბება. ვიზიტის ფარგლებში, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის მეთაურს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, გენერალურ პროკურორსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. 

დევიდ ო'სალივანის ამ ვიზიტში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები