ილონ მასკის სოციალური ქსელი X ევროკავშირის ონლაინ კონტენტის განთავსების წესებს არღვევს, ვერიფიკაციის ნიშანს კი შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი - ასე აფასებს ევროკავშირის მარეგულირებელი პლატფორმა X-ის საქმიანობას, რასაც, შესაძლოა, ფინანსურ სანქციებთან ერთად, კომპანიის მხრიდან აუცილებლად გასატარებელი საოპერაციო ცვლილებებიც მოჰყვეს - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ევროპული კომისიის მიერ შედგენილი სარჩელი, რომელიც “ციფრული სერვისების აქტის” ქვეშ ვრცელდება, უწყებამ შვიდთვიანი გამოძიების შემდეგ შეადგინა. ევროკავშირის ახალი წესების თანახმად, მსხვილ ონლაინპლატფორმებსა და საძიებო სისტემებს ვალდებულება აქვთ მომხმარებლის უფლებების დასაცავად უფრო მეტი პრევენციული ზომა გაატარონ.
ევროკავშირის მიერ X-ისთვის წაყენებული ბრალდება მიზანში იღებს კომპანიის ე.წ. “ბნელ შაბლონებს” (ინტერფეისი, რომელიც მომხმარებელს კონკრეტული ქცევისკენ, მაგალითად, სარეკლამო ბმულზე გადასვლისკენ, უბიძგებს), სარეკლამო გამჭვირვალობასა და, კვლევითი მიზეზებით, მომხმარებლის მონაცემების ხელმისაწვდომობას.
X-ი ევროკავშირის შეფასებას არ ეთანხმება. კომპანიის მფლობელი, ილონ მასკი აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელი “ციფრული სერვისების აქტის” ნორმებში ჯდება და ევროკავშირს სასამართლო დავითაც ემუქრება.
“მოუთმენლად ველით ძალიან საჯარო ბრძოლას სასამართლოში, რათა ევროპელმა ხალხმა სიმართლე შეიტყოს”, - დაწერა მასკმა X-ზე.
საქმე ისაა, რომ, ევროპული კომისიის თქმით, ვერიფიცირებული პროფილები, რომლებიც ამის აღმნიშვნელ ლურჯ ნიშანს ატარებენ, თანხვედრაში არ არიან ინდუსტრიის ნორმებთან. ვერიფიკაციის ნიშნის გამო, რომელთა მისაღებადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ყოველთვიური გამოწერის სერვისით ისარგებლოს, მომხმარებლებს არ აქვთ საშუალება, შეაფასონ საჯარო პროფილების ავთენტიკურობა და ინფორმირებულად გადაწყვიტონ, შევიდნენ მათთან ინტერაქციაში თუ არა.
ვიდრე ილონ მასკი Twitter-ს შეიძენდა, აღნიშნული ლურჯი ნიშანი მხოლოდ საჯარო პირებს ენიჭებოდათ, რომლებმაც საკუთარი იდენტობა დაადასტურეს - 2022 წლიდან კი ნიშანი ენიჭება ყველას, ვინც X-ის გამომწერია.
ამჟამად კომპანიას რამდენიმე თვე ეძლევა იმისთვის, რომ საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ილონ მასკს დარღვევებისთვის კომპანიის გლობალური ბრუნვის 6%-ს გადახდა ჯარიმის სახით მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ბრალი დამტკიცდება.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი გამოძიებებს ატარებს TikTok-ის, Aliexpress-ისა და Meta-ს პლატფორმების საქმიანობაზეც.