შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, სამართლის დოქტორ ეკატერინე ქარდავას შეფასებით, ევროკავშირმა საქართველოსთვის კარი ნამდვილად გააღო და „მხოლოდ საქართველოა გაჩერებული“.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვრცლად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ არ შეიძლება „ტელეპოლიტიკის“ რეჟიმში ცხოვრება და საჭიროა, პირდაპირი დიალოგის დაწყება, რისთვისაც ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებისგან რეკომენდაციების შესრულებას [რეპრესიული კანონების გაუქმება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება] ითხოვს.
„როგორც მკვლევარს, მირჩევნია, აქცენტი ევროკავშირის შემეცნებაზე გავაკეთო, რათა მოსახლეობამ გაიგოს: ევროკავშირს პროცესი არ შეუწყვეტია, მას საქართველოზე უარი არ უთქვამს და არაფერი შეუჩერებია“, - განაცხადა მან.
სამართლის დოქტორმა BMG-თან ინტერვიუში არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო-ევროკავშრის ურთიერთობებში შექმნილი კრიზისის მიზეზი არა - ევროკავშირი, არამედ ხელისუფლების „ხედვის ცვლილებაა“.
- ფაქტია, მათ აქვთ ცვლილება ხედვაში, ქმედებებსა და რიტორიკაში... ევროკავშირი თვითკრიტიკულია, ის მუდმივად მოდიფიცირდება, მაგრამ ფასეულობით ნაწილს არავის უთმობს...
- მაშინ მკაფიოდ ვუთხრათ მოსახლეობას, ვინ თქვა უარი ევროკავშირზე? მოქალაქეების ნაწილს, შესაძლოა, დღესაც სჯერათ მმართველი პარტიის რიტორიკის, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა კვლავ მიჰყავს ევროპისკენ, ოღონდ თავისი წესებითა და კალენდრით, რომ თითქოს ევროპა „გაფუჭდა“ და პრობლემა ევროპულ ბიუროკრატიაშია...
- ზუსტად აქ უნდა ვესაუბროთ ხალხს და ავუხსნათ, რატომ არ არის ეს სწორი. ბოლო დროს ძალიან მიყვარს ყოფით ასპექტებთან შედარება, რათა მარტივად გავიგოთ, სად არის სიმართლე. სახლის კარს არავის გაუღებ, სანამ ჭუჭრუტანიდან არ დარწმუნდები, რომ იქ უსაფრთხო ადამიანი დგას. ევროკავშირი რთული ორგანიზმია, მას რთული არქიტექტურა აქვს - 75 წელია თავის ოჯახს აშენებს და იქ ვინმეს მარტივად არ შეუშვებს. ჩვენს კულტურაშიც ხომ ასეა - ოჯახში ვინმეს მიღებამდე ვკითხულობთ, რამდენად შეგვიძლია ერთი მაგიდის ირგვლივ ჰარმონიულად ჯდომა; როდესაც ევროკავშირი გეუბნება, რომ მართლმსაჯულებაში მოსამართლის კეთილსინდისიერების პრინციპი (ე.წ. „ვეტინგი“) უნდა დანერგო, ეს ნიშნავს, რომ ამის გარეშე ერთ მაგიდასთან ვერ დავსხდებით...



























