მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია: მესამე წელია, თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობით საქართველო მოლდოვასა და უკრაინას უსწრებს

5f08a39c7eec5
თამთა ჯიჯავაძე
10.07.20 21:16
1854
ზედიზედ მესამე წელია, თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მხრივ საქართველო კვლავ წამყვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის მიერ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ მესამე ანგარიშში.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის+ ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობა 9% -ით გაიზარდა, 2019 წელს შეტანილი იყო 21.570 განაცხადი, 2018 წელს კი - 19,730 განაცხადი.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 4.1% -მდე შემცირდა (2018 წლის 4.7% -თან შედარებით). 2020 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა 3,795 თავშესაფრის განაცხადი, რაც 42%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

"რაც შეეხება რეადმისიის საკითხზე თანამშრომლობას, დაბრუნების მაჩვენებელი შემცირდა. 2019 წელს დაბრუნების მაჩვენებელი 52% -მდე შემცირდა (2018 წელთან შედარებით 65%), ეფექტიანად მოხდა საქართველოს 8,520 მოქალაქის დაბრუნება. რადგან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რეადმისიასთან დაკავშირებით კარგ თანამშრომლობას აღნიშნავენ, დაბრუნების მაჩვენებლის შემცირება არ უნდა აღიქმებოდეს როგორც არადამაკმაყოფილებელი მუშაობა ან ცვლილებები თანამშრომლობის პროცესში", – აღნიშნულია ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და შენგენის ასოცირებულ ქვეყნებში თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები კვლავ აქტუალური საკითხია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე და არსებით ძალისხმევას მოითხოვს.

ამასთან, თავშესაფრის მოთხოვნები ხშირად ბოროტად გამოიყენება ევროკავშირში სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით. თუმცა, ევროკომისია აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს პრობლემის მოგვარებას და ევროკომისიასთან, იუსტიციის და შინაგან საქმეთა უწყებებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად ოპერატიული ქმედებების კომპლექის შემოღებაზე მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები