ერთწლიანი ძლიერი ზრდის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური აქტივობა, სავარაუდოდ, შენელდება, თუმცა 2025 და 2026 წლებში 5-6%-იან ნიშნულზე დარჩება. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი“.
ევროკომისიის პროგნოზით, მომდევნო წლებში ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა კვლავ შიდა მოთხოვნა იქნება, განსაკუთრებით კერძო და სამთავრობო მოხმარება.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძალიან ძლიერი იყო და 9.4%-ს მიაღწია. ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორებად დასახელებულია ხელფასების, დასაქმებისა და სამომხმარებლო სესხების ზრდა, ასევე ბიზნეს სესხების გააქტიურება და სახელმწიფო ინვესტიციები.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველო კვლავაც სარგებლობს რუსეთიდან გარკვეული სერვისებისა და სავაჭრო გზების ცვლილებით, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგია და ნაწილობრივ ასახავს რუსეთიდან მნიშვნელოვან შიდა მიგრაციას.
პროგნოზის მიხედვით, 2025-2026 წლებში ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, ის სტაბილურად 5-6%-ის ფარგლებში დარჩება. ამასთან, მოსალოდნელია ინვესტიციების ზრდა, რაც განპირობებული იქნება ბიზნეს სესხების დინამიკითა და სახელმწიფო ინვესტიციებით. თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის ნდობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არეულობითაა განპირობებული.
„პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა შენელდება 2025 და 2026 წლებში, თუმცა ის სტაბილურად 5-6%-ის ფარგლებში დარჩება. ზრდის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად კვლავ კერძო მოხმარება იქნება. ასევე პროგნოზირებულია ინვესტიციების ზრდა, განპირობებული დინამიკური ბიზნეს სესხებით და ძლიერი სახელმწიფო ინვესტიციებით, თუმცა ბიზნესის ნდობა 2025 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არეულობას ასახავს", - წერს კომისია.
შრომის ბაზრის გაუმჯობესება და ხელფასების ზრდა
ეკონომიკურმა ზრდამ ხელი შეუწყო უმუშევრობის დონის მნიშვნელოვან შემცირებას, რომელიც 2023 წლის 16.4%-დან 2024 წელს 13.9%-მდე შემცირდა. პროგნოზის მიხედვით, ეს ტენდენცია 2025-2026 წლებშიც გაგრძელდება, თუმცა უფრო ნელი ტემპით. დასაქმების მაჩვენებელი 2024 წელს 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, თუმცა შედარებით დაბალ 47.1%-ზე დარჩა.
ინფლაციის დროებითი ზრდა და შემდგომი სტაბილიზაცია ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან
2024 წელს საშუალო სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 1.1%-მდე შემცირდა, თუმცა 2025 წლის პირველ თვეებში ინფლაცია გაიზარდა და აპრილში 3.4%-ს მიაღწია და მოსალოდნელია, რომ 2025 წელს საშუალოდ 4%-ს მიაღწევს. სამომხმარებლო ფასების ზრდის აჩქარება შეიძლება მივაწეროთ ხელფასების ზრდასა და ლარის მცირედ გაუფასურებას, ასევე საბაზო ეფექტებით გამოწვეულ გავლენას. ვინაიდან ამ ფაქტორების თანდათანობით შესუსტებაა მოსალოდნელი, ინფლაცია 2026 წელს ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.
კომისია ასევე მიმოიხილავს: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას მომსახურების ექსპორტის ზრდის ფონზე
შეზღუდული ფისკალური დეფიციტი და სახელმწიფო ვალის კლების ტენდენციას




























