ევროკომისიას შეუძლია აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთი-უნგრეთის მწვანე ენერგიის დერეფანს “ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონთან შეხვედრაზე ჩვენ შავი ზღვის მწვანე ენერგიის პროექტისთვის „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსის მინიჭების დაჩქარებაზე შევთანხმდით“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
მან ასევე დაწერა, რომ შეხვედრაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ბუნებრივ აირთან, წყალბადთან და „მწვანე ენერგიასთან“ დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს შეთანხმებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის განხორციელების შესახებ, რომლის სიმძლავრე 1000 მგვტ, სიგრძე კი 1 195 კილომეტრი იქნება. 2023 წელს პროექტს ბულგარეთიც შეუერთდა. თავის მხრივ პროექტთან მიერთების სურვილი სერბეთმაც გამოთქვა. ელექტროკაბელი აზერბაიჯანში წარმოებულ მწვანე ელექტროენერგიას საქართველოს და შავი ზღვის გავლით რუმინეთს, უნგრეთსა და ევროპის დანარჩენი ნაწილისთვის შემდგომი ტრანსპორტირებისთვის მიაწვდის. მისი მოწყობის სამუშაოები 3-4 წელზეა გაწერილი. ევროკომისია ამ პროექტის განხორციელებისთვის 2.3 მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს.
კაბელის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა საქართველოს ინიციატივით ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში დაიწყო და ის 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის 2024 წლის ივლისამდე არ დასრულდება.