ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის გაურკვეველი ურთიერთობის ფონზე, ევროპა გლობალურად უფრო დომინანტ მოთამაშედ უნდა იქცეს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დავოსის “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” დროს განაცხადა. ევროკავშირის რიგით მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ საკუთარი მარშრუტი უნდა აირჩიოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლებიც 2024 წლის ნოემბერში გაიმართება.
მაკრონის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე აპელირება გასაგებია, რადგან ბოლო დროს იკლებს უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა და ეს ტენდენცია ყველაზე თვალსაჩინოდ სწორედ რესპუბლიკელ პოლიტიკოსებში ჩანს, რომელთა პათოსი ორ არგუმენტს ემყარება - იმას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ძვირია და იმასაც, რომ ეს ომი ატლანტის ოკეანის გადაღმა მიმდინარეობს. ამასთან, დონალდ ტრამპი, რომელზედაც დავოსში საუბარი არ წყდება, ზოგადი ევროსკეპტიციზმითაც გამოირჩევა.
“2024 წელი ევროპელებისთვის გადამწყვეტი იქნება. უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია უფრო აქტიურები ვიყოთ და უფრო დიდი ძალისხმევა გამოვიჩინოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში”, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ წელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს შორის რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობა და კლიმატის ცვლილება იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში, ევროპა - სწორ მხარეს უნდა დადგეს და თან, თვითმყოფადი განვითარებაც განაგრძოს, მათ შორის სუფთა ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების მიმართულებით.
“არსებობს რისკი, რომ ევროპელები არასწორი დღის წესრიგის წინაშე აღმოჩნდნენ. მე მუდამ სუვერენული ევროპის იდეას ვუჭერ მხარს, რაც არ ნიშნავს, რომ არსებული კავშირები უნდა გაწყვიტო, არსებული თანამშრომლობები დაანგრიო და ალიანსები დაშალო, მაგრამ ნიშნავს, რომ მიწოდების ჯაჭვის კუთხით კონკრეტულ გეოგრაფიებზე ზედმეტად დამოკიდებული არ უნდა იყო”, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დავოსში.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.