"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მწვავედ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მათ „გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელება“ უწოდა. შესაბამისი განცხადება კობახიძემ ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ევროპა პანაცეა არ არის! ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც 40-იან წლებში ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში მოღვაწეობდა. არ შეიძლება 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე, ევროპაში გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს,“ - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „სამარცხვინო ტყუილებია ის განცხადებები, რასაც ევროპული ბიუროკრატიისგან ვისმენთ“ მათ შორის, საუბარია ეუთო/ოდირის მიერ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით გავრცელებულ შეფასებებზე.
კობახიძის განცხადებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებაში გამოთქმული შეხედულებები რეალობას არ შეესაბამება.
„4 ოქტომბერს იყო უმძიმესი ძალადობა. საჭირო გახდა 15 პოლიციელის ჰოსპიტალიზება, მათ შორის ორმა სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. ამ ფონზე ოდირის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც შეიცავს აბსურდულობას,“ - აღნიშნა პრემიერმა.
ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოება და დაიცვას გამოხატვის თავისუფლება.
ODIHR-ის დირექტორის, მარია ტელალიანის განცხადებით, საქართველოში გრძელდება „მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება, დაჯარიმება და განაჩენების გამოტანა“, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.




























