ბიზნესის განწყობები მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით შეიცვალა. ბიზნესი ფიქრობს რამდენად ღირს ამ ვითარებაში საქმიანობის განვითარება.
კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელი რეზო ვაშაკიძე ამბობს, რომ დღეს ბიზნესს სჭირდება სტაბილურობა, რაც მოაქვს ევროპას. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური კურსის ცვლილება ქვეყანას სტაბილურობას აკარგვინებს, რასაც თავის მხრივ უკვე ჰქონდა მყისიერი ეფექტი. რეზო ვაშაკიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ სტაბილურობის განცდა გაქრება, ქვეყანაში ბიზნესის განვითარება აზრს დაკარგავს.
“მე 90-იან წლებში საქართველო დავტოვე, ჩემს ოჯახთან ერთად და წავედი საქართველოდან. იმიტომ, მაშინაც სრული გაურკვევლობა იყო. ხალხი დარბოდა ავტომატებით, ვინ ვის ესროდა, რატომ ესროდა, ვის რა უნდოდა, გაურკვეველი იყო და მე დავტოვე ქვეყანა. საქართველოში დავბრუნდი 2006-2007 წლებში, რადგან საქართველო ისწრაფოდა ევროპისკენ.
მე რომ გითხრათ ახლა, მე ევროპა ძალიან მიყვარს და ვგიჟდები თქო, არც ასეა, მაგრამ ეს არის ქვეყნის სტაბილურობის მაჩვენებელი.
ამის შემდეგ მე გადავწყვიტე, უკვე ინვესტიციები გამეკეთებინა საქართველოში, და ეს იმისი გაკეთდა საკმაოდ მოკლე ვადაში საკმაოდ დიდი რაოდენობით, დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელე, მაგრამ აი რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში, ეს ჩემთვის გაურკვევლობას იწვევს.
ეს იწვევს ჩემში არასტაბილურობასაც. მე არ მინდა ვთქვა, რომ ახლა გადაწყვეტილი მაქვს რომ აქ ბიზნესი დავტოვო და წავიდე საქართველოდან, მაგრამ ესეც შეიძლება მოხდეს. რატომ? იმიტომ რომ თუ ქვეყანაში არ იქნა სტაბილურობა, მაშინ ბიზნესის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია,” - ამბობს “ჩირინას” დამფუძნებელი რეზო ვაშაკიძე.