კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
"ევროპამ ბენზინზე მომუშავე მანქანების აკრძალვას უნდა გადახედოს" - BMW
ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროპამ 2035 წლისთვის დაწესებულ შეზღუდვას, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე, მანქანების წარმოებასთან დაკავშირებით, უნდა გადახედოს. ამის შესახებ განცხადება BMW- ის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა.
ოლივერ ზიპსმა, რომელიც დიდი ხანია მარეგულირებლებს მოუწოდებს დაუშვან ნებართვა თანამედროვე ტექნოლოგიებზე - მათ შორის ელექტროსადგურზე, ბიო საწვავსა და წყალბადის საწვავის უჯრედებზე - განაცხადა, რომ ევროპაში განწყობა „პესიმიზმისკენ მიისწრაფვის“. მისივე თქმით, რეგიონს, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ახალი მარეგულირებელი ჩარჩო სჭირდება.
ზიპსის განცხადებით, 2035 წლის მიზნის კორექტირება ევროპულ კომპანიებს საშუალებას მისცემს შეამცირონ დამოკიდებულება ჩინეთში წარმოებულ ბატარეებზე. ზიპსი შედარებით მოქნილ პოლიტიკასაც ითხოვს, რომელიც ერთ კონკრეტულ ტექნოლოგიას არ მიანიჭებს უპირატესობას და მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, გამონაბოლქვის შესამცირებლად, ახალი გზები გამოიკვლიონ.
BMW ერთადერთი ავტომწარმოებელი არაა, რომელიც 2035 წლის მიზნის გადახედვას მოითხოვს. იმავე აზრს იზიარებს VW-ი, ასევე Renault-ი და მათ შორის იტალიის მთავრობაც.
მომხმარებელთა სურვილის შემთხვევაში, Alfa Romeo შიგაწვის ძრავებს შეინარჩუნებს
შესაძლოა, ახალი თაობის Giulia და Stelvio მხოლოდ ელექტრო აღარ იყოს. 2021 წლის აგვისტოში, Stellantis-მა Alfa Romeo-სთვის ახალი გეგმა წარადგინა. კომპანიის განცხადებით, 2027 წლისთვის, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში, Alfa Romeo მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადავიდოდა. თუმცა, როგორც ჩანს, Stellantis-მა გეგმას გადახედა და ცვლილებების შეტანაც გადაწყვიტა.
Alfa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჟან-ფილიპ იმპარატომ განცხადება Paris Motor Show-ზე გააკეთა. მისი თქმით, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები, სავარაუდოდ, წარმოებაში იმაზე დიდხანს დარჩება ვიდრე ეს, თავდაპირველი გეგმით იყო გაწერილი. იმპარატომ, Stelvio-სა და Giulia-ს მომდევნო თაობებზე ისაუბრა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოდელების გაყიდვები შედეგიანი არ აღმოჩნდება, კომპანიაში მათი შიგაწვის ვერსიების წარმოებასაც განიხილავენ.
წარმოება STLA Large პლატფორმის წყალობით გახდება შესაძლებელი, რომელიც ახალ Dodge Charger- ია გამოყენებული. Stelvio-სა და Giulia-ს მომდევნო თაობებში ვერ შევხვდებით ვერც Giorgio-ს პლატფორმას, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებული ინვესტიციაა და მხოლოდ Grecale-ში, GranTurismo-სა და GranCabrio-შია წარმოდგენილი. რაც შეეხება STLA Large-ს, ის ძირითადად ბატარეაზე მომუშავე ელექტრო ავტომობილებისთვისაა შექმნილი და კვლავ თავსებადია ბენზინზე მომუშავე ძრავებთანაც.
ბენზინზე მომუშავე Charger-ი ორტურბინიანი, 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 420 და 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ორივე მათგანი სრულად ამძრავია, თუმცა აქვს Drive Mode-იც, რომელიც სრულ ძალას მანქანის უკანა ბორბლებზე ანაწილებს.
Stelvio-ს ახალ თაობას კომპანია ოფიციალურად მომდევნო წელს წარადგენს. ახალი Giulia კი 2026 წლიდან გამოვა. 2027 წლიდან უნდა ველოდოთ SUV-ვერსიებსაც, რომელიც ასევე STLA Large-ის პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული.
Neue Klasse-ის დიზაინს BMW შიგა წვის მოდელებშიც გამოიყენებს
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული კომპანია მის ახალ სტილს, Neue Klasse, მომდევნო თაობის ყველა მოდელში გამოიყენებს - მათ შორის ელექტრომობილებში, ჰიბრიდებში და დიახ, შიგა წვის მოდელებშიც კი.
BMW-ის შემდეგ თაობებში, მსგავსებას, მხოლოდ დიზაინში არ დაინახავთ. ავტომობილები ერთი და იმავე მაღალტექნოლოგიურ და ფუტურისტულ მახასიათებლებსაც გაიზიარებენ, რაც მძღოლებისთვის თითქმის იდენტურ გამოცდილებას უზრუნველყოფს.
BMW-ის ახალი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება კომპანიის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელმა ადრიან ვან ჰუიდონკმა გააკეთა. მან, თავადვე, დაარწმუნა BMW-ის გუნდი, Neue Klasse-ის დიზაინის ენა გამოყენებული უნდა იყოს ყველა სხვა მოდელში, განურჩევლად, იქნება ეს ელექტრო თუ შიგა წვის ძრავის მქონე მანქანა. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, მცირედ განსხვავებებს ექსტერიერსა და ინტერიერში მივიღებთ, თუმცა საერთო სურათი, დიზაინი და შეგრძნებები იდენტური იქნება.
Top Gear-თან საუბრისას, ვან ჰუიდონკმა განმარტა: „მომხმარებლისთვის ეს არ იქნება რთული - ისინი მიიღებენ ახალ თანამედროვე BMW-ს და წამყვანი სისტემის არჩევა კი თავად შეეძლებათ“. BMW გვპირდება, რომ თითოეული მოდელი შეინარჩუნებს თავის გამორჩეულ ხასიათს. შედეგად კი ავტომოყვარულები მიიღებენ „იგივე სულს, ინოვაციური დიზაინით“.
BMW-ის გეგმაზე, Neue Klasse-ის დიზაინი შიგაწვის მოდელებზეც გაეფართოებინა, ინფორმაცია ცოტა ხნის წინაც გავრცელდა. მაშინ, დასავლურ გამოცემებში, მომდევნო თაობის BMW X5-ის პროტოტიპებიც გამოჩნდა. არსებული ცნობებით, ეს SUV-ი წარმოებაში 2026 წელს უნდა ჩაეშვას და ავტომწარმოებელი მის ჰიბრიდ, ელექტრო და PHEV-ვერსიებად (მაღალი წარმადობის ელექტრიფიცირებული ავტომობილი) გამოშვებასაც გეგმავს.
რობოტაქსების მწარმოებელი Pony AI-ის აქციები საფონდო ბირჟაზე დაილისტება
თვითმართვადი ტაქსების ტექნოლოგიაზე მომუშავე ჩინური კომპანიის, Pony AI-ის აქციები ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დაილისტება, რაც მიანიშნებს, რომ ახალი ტექნოლოგიების მიმართ ინვესტორების ინტერესი მომძლავრებულია, ხოლო მარეგულირებელთა მხრიდან არსებული წნეხი - შემცირდა. კომპანიის აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე, PONY-ის ტიკერით დაილისტება, რისთვისაც კომპანიამ შესაბამის მარეგულირებელს უკვე მიმართა.
ჩინური Pony AI ერთ-ერთი საინტერესო სტარტაპია, რომელიც თვითმართვადი ავტომობილების სფეროში ოპერირებს. ამასთან, ის მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიის, იაპონური Toyota-ს შვილობილია. ამ დროისთვის, Toyota სტარტაპის 13.4%-იან წილს ფლობს, ხოლო თავად კომპანიამ წლის პირველ ნახევარში შემოსავალი გააორმაგა და $24.7 მილიონი დააგენერირა. Pony AI, ამ დროისთვის, წაგებაზე მუშაობს, რომელმაც $51.3 მილიონი შეადგინა და ამ მხრივ, კლების ტენდენცია შეინიშნება. კომპანიას 250 თვითმართვადი ტაქსი ჰყავს, რომელთაც, კუმულაციურად, 33.5 მილიონი კილომეტრი გაიარეს, მათ შორის დიდი ნაწილი ადამიანი მძღოლის გარეშე.
ორი წლის წინ, Pony AI $8.5 მილიარდად იყო შეფასებული, მაგრამ IPO-ს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაიზრდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო წლებში ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ჩინური კომპანიების აქციების განთავსების ტენდენცია შემცირებულია. მას შემდეგ, მაისში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ავტომწარმოებელი კომპანია Zeekr-ი გამოჩნდა, ხოლო მალე, ამ ჩამონათვალს Pony AI-იც შეუერთდება.
Chery-მ მფრინავი უპილოტო მანქანის პროტოტიპი წარადგინა
ჩინეთში საკუთარ ინოვაციური კონფერენციაზე Chery-მ სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება წარადგინა. მფრინავი ავტომობილი ვერტიკალური აფრენის და დაშვების შესაძლებლობით. პროტოტიპი შემუშავების პროცესშია, თუმცა სატესტო ფრენები უკვე შესრულდა და სიახლემ 80 კილომეტრი იფრინა.
ავტომობილი სამი ნაწილისგან შედგება - კონსტრუქცია პროპელერებით, სალონი და შასიით. სალონში კონტროლის ბერკეტები არ არის, რადგან მოწყობილობა სრულიად ავტონომიურია.
სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებას, როგორც მისი სახელიდან ჩანს, გადაადგილება ხმელეთზეც შეუძლია და ჰაერშიც,
თუ, მაგალითად, საცობია, მოწყობილობას შეუძლია ვერტიკალურად აფრენა და ასევე ვერტიკალურად დაშვება თავისუფალ გზაზე.
სალონში ორი ადამიანის ადგილია. ფრენის მაქსიმალური სიმაღლე ერთი კილომეტრია, სიჩქარე საათში 120 კილომეტრი. ავტომობილს ჰაერში დაახლოებით 40 წუთის გატარება შეუძლია. სხვა ტექნიკური დეტალები პროტოტიპზე უცნობია.
საჰაერო ტრანსპორტის განვითარებაზე "ჩერის" გარდა სხვა ავტო ბრენდებიც ზრუნავენ. ამ მიმართულებით ინვესტიციებს ახორციელებენ, ჩინური კომპანიები Xpeng , GAC , SAIC და Geely-ი . ამ მიმართულებით ინვესტიციებს სხვა გლობალური ავტო გიგანტებიც ახორციელებენ. მაგალითად, Toyota-მ გაზარდა მისი წილი 1 მილიარდ დოლარამდე, ამერიკულ კომპანია Joby Aviation-ში, რომელიც სპეციალიზებულია საჰაერო ტაქსების წარმოებაზე.