ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ევროპარლამენტი მკაცრად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას და ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვს.
ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.
ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები და გაათავისუფლოს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები.
რეგისტრაცია გაიარა 552-მა ევროპარლამენტარმა, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა, 7-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
შეგახსენებთ: 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტელევიზიამ, სავარაუდოდ, მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანდა, როგორ აღებდნენ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის კარს, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ იყო ჩაკეტილი.
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტისა და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად, 2018 წლამდე რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ "ცხელი ხაზის" მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.
აღნიშნულ ფაქტს, მეორე დღესვე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, მკვლელობის ფაქტი დაგმო.
„ეს სიკვდილი არის იმ დესტრუქციის ნათელი მაგალითი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის და სხვა ტერიტორიების ოკუპაციამ გამოიწვია“, - დაწერა შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.
აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარ ფაქტზე.