რუსეთიდან მომავალ ნავთობსადენ „დრუჟბაზე,“ რომელიც რუსეთს ევროპის ქვეყნებთან აკავშირებს, გაჟონვა მოხდა. პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ნავთობის გაჟონვა შესაძლოა შემთხვევით მოხდა, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს.
მათეუშ ბერგერი, რომელიც პოლონეთის სტრატეგიულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეა პასუხისმგებელი, ამბობს, რომ ჯერჯერობით საბოტაჟზე საუბრის მიზეზი არ არსებობს.
“ეს გაჟონვის პირველი შემთხვევა არ არის და Nord Stream-ზე მომხდარს ვერ შევადარებთ”,-განაცხადა მან.
რუსეთ-ევროპის დამაკავშირებელ ძირითად გაზსადენზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რამაც ბალტიის ზღვაში გაზის გაჟონვა გამოიწვია, ევროპაში განსაკუთრებული ზომები მოქმედებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ენერგოობიექტების დაცვა უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი გახდა.
ეს საკითხი NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგშიც მოხვდა. ინციდენტის შედეგად ნავთობსადენის ჩრდილოეთი ნაწილი დაზიანდა, რომლითაც გერმანიასა და პოლონეთს მიეწოდება რუსული ნავთობი. ე.წ სამხრეთი ნაწილი კვლავ ფუნქციურია.
Bloomberg წერს, რომ ინციდენტის შემდეგ ნედლ ნავთობზე ფასი მცირედით გაიზარდა. კერძოდ, ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 0.5%-ით 94.78 დოლარამდე გაიზარდა, მას შემდეგ, რაც შესაძლო საბოტაჟზე გავრცელდა ინფორმაცია.
„დრუჟბა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, 4000 კილომეტრის სიგრძის ქსელია, რომელიც 1950-იან და 1960-იან წლებში აიგო.




























