მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში მძიმე ენერგოკრიზისი მხოლოდ ახლა იწყება - Bloomberg

63a065a20b294
მარიამ ვარადაშვილი
20.12.22 00:10
826
Bloomberg-ი წერს, რომ ევროპაში ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მძაფრი ენერგოკრიზისი მხოლოდ ახლა იწყება. გამოცემის ცნობით, წელს ენერგორესურსებზე ფასის ზრდის გამო, მიღებული ზარალი დაახლოებით $1 ტრილიონი უნდა იყოს, რაც რუსეთის მიერ გაზის შეწყვეტას უკავშირდება. აღნიშნულმა კი, არა მხოლოდ ბუნებრივ გაზზე, არამედ სხვა პროდუქტებზეც ფასის ზრდა გამოიწვია.

გამოცემის თანახმად, ზამთრის შემდეგ რეგიონის ქვეყნებს ხელახლა მოუწევთ გაზსაცავების შევსება, ხოლო რუსეთიდან გაზის იმპორტის არარსებობის შემთხვევაში, თხევად ბუნებრივ გაზზე კონკურენცია გამწვავდება. LNG-ის ტერმინალების რაოდენობის ზრდის პირობებშიც კი 2026 წლამდე ბაზარზე მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდება.

ევროპაში მხოლოდ გერმანია 2023 წლის ბოლომდე ჯამში ხუთი LNG ტერმინალის მშენებლობას გეგმავს. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიოში თხევადი გაზის ორი მსხვილი ექსპორტიორი კატარი და აშშ რა მოცულობით გაზრდიან წარმოებას.

მომხმარებლისთვის ნაკლები გაზის მოხმარების რეკომენდაციამ ევროპაში იმუშავა, შედეგად წელს ევროკავშირი ქვეყნები წლიურად 50 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებ გაზს მოიხმარენ. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს [IEA] გათვლით 2023 წელს ბლოკის ქვეყნებს ბუნებრივ გაზზე დანაკლისი დაახლოებით 27 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. ეს მონაცემი ორ მოცემულობას ემყარება: რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების ნულამდე შემცირებას და ჩინეთის მიერ LNG-ის იმპორტის 2021 წლის დონეს დაბრუნებას. დასავლეთ ევროპისთვის გაზსადენით მიღებული გაზის მთავარი წყარო Nord Stream იყო, რომელიც რუსეთმა სექტემბერში სრულად გააჩერა. ამ დროისთვის ევროპის ქვეყნების ნაწილი მცირე რაოდენობით რუსულ გაზს კვლავ უკრაინაზე გამავალი გაზსადენით იღებს, თუმცა კრემლის მიერ უკრაინის ენერგოობიექტების დაბომბვა ამ მარშრუტს რისკს უქმნის.

თავის მხრივ ევროპაში LNG-ის იმპორტის მოცულობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს, თუმცა ამ ბაზარზე ევროპისთვის ძირითადი კონკურენტი ჩინეთია. ჩინეთის გარდა, იაპონიაა თხევადი ბუნებრივი გაზის ასევე მსხვილი მომხმარებელი, რომელიც ამ მიმართულებით სტრატეგიული რეზერვების შექმნასაც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები