მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპაში პირველ მცირემასშტაბიან ატომურ ელექტროსადგურს პოლონეთი ააშენებს

orlen

პოლონეთი ევროპაში პირველ BWRX-300-ს, მცირე ზომის მოდულარულ ბირთვულ რეაქტორს (SMR) ააშენებს, რაც ქვანახშირიდან უფრო სუფთა ენერგიაზე გადასვლისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს - ამის შესახებ პოლონურმა სახელმწიფო ელექტროკომპანია Orlen-მა განაცხადა.

სიახლეს წინ უსწრებდა Orlen-სა და Synthos Green Energy-ს შორის შეთანხმება; პოლონეთის უმსხვილესი ენერგოკომპანია მიზნად ისახავს, რომ სულ მცირე ორი SMR - ჯამური სიმძლავრით 0.6 გიგავატი - 2035 წლისთვის ამოქმედდეს.

შეთანხმების ფარგლებში, ორი კომპანია საერთო საწარმოს დააარსებს, სახელწოდებით Orlen Synthos Green Energy, რომელშიც თითოეულს 50%-იანი წილი ექნება. ახალ საწარმოს სრული წვდომა ექნება BWRX-300-ის ამერიკულ ტექნოლოგიაზე. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ამით კომპანიას საშუალება ეძლევა, პროცესში წინ წაიწიოს, რისი კულმინაციაც პოლონეთში პირველი SMR-ის ბირთვული რეაქტორის აშენება იქნება, Orlen-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე - ვლოცლავეკში.

პოლონეთმა 6 ლოკაციაზე 24 SMR-ის მშენებლობის ნებართვა 2023 წელს გასცა. ვლოცლავეკის რეაქტორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი იქნება წიაღისეული საწვავიდან მის მწვანე ალტერნატივაზე გადასასვლელად. Forum Energii-ის ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ევროკავშირის მასშტაბით შინამეურნეობების მიერ მოხმარებული ქვანახშირის 87% სწორედ პოლონეთზე მოდიოდა.

Orlen-ის განცხადებით, BWRX-300 მცირე ბირთვული რეაქტორის ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული პროექტია მსოფლიოში, თავად Orlen Synthos Green Energy კი ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამ ტექნოლოგიას გამოიყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები