Ember-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს პირველად, ევროპის მასშტაბით, ქარის ელექტროენერგიის გენერაციამ, წიაღისეული საწვავის წვით გამომუშავებული ენერგიის მოცულობას გადააჭარბა.
Euronews-ის ცნობით, 2023 წელს ევროკავშირის ელექტროენერგიის რეკორდული, 27%-იანი წილი ქარისა და მზის ელექტროსადგურებზე მოდიოდა. შესაბამისად, ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის წვით გამომუშავებული ენერგიის მოცულობაც რეკორდულად შემცირდა და მხოლოდ 12% შეადგინა.
როგორც Ember-ის ევროპული პროგრამის დირექტორი, სარა ბრაუნი აფასებს, ბლოკის ენერგოსექტორი “მონუმენტური ცვლილების” გზაზე დგას. მისი თქმით, წიაღისეული საწვავის როლი დღითი დღე უფრო მცირდება და ენერგოსისტემის საყრდენად ქარისა და მზის სადგურები გვესახება.
ორგანიზაციის ანალიზის თანახმად, ქვანახშირისა და გაზის ენერგიის “უპრეცედენტო კოლაფსის” მიზეზი ბლოკის მასშტაბით ელექტროენერგიაზე შემცირებული მოთხოვნაც გახდა, რაც ენერგოკრიზისითაა განპირობებული.
ევროკავშირი გეგმავს, რომ სათბურის აირების ემისიები 2040 წლამდე, ბლოკის მასშტაბით, 90%-ით შეამციროს, რის გამოც განახლებადი რესურსების სექტორი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება.
კერძოდ, ქარის ენერგიის გენერაცია გასულ წელს EU-ს ქსელში 13-დან 18 პროცენტამდე, ან 475 ტერავატ/საათამდე გაიზარდა - მოცულობამდე, რომელიც საფრანგეთის ზომის ქვეყნის ენერგიაზე მოთხოვნას სრულად პასუხობს.
საერთო ჯამში, 2023 წელს ევროკავშირის ელექტროენერგიის ქსელში განახლებადი რესურსები 44%-იან წილს იკავებდა, რადგან ქართან ერთად, წყლის ელექტროსადგურების გენერაციაც გაიზარდა.
“ქარის რევოლუციას”, არც მეტი, არც ნაკლები, დანია უძღვება, რომელთა ელექტროენერგიის 58% ტურბინებიდან გამომუშავდება. არანაკლებ წარმატებულია გერმანიის ქარის ფერმის სექტორიც, რომელმაც გასულ წელს 141 ტერავატ/საათი ენერგია გამოიმუშავა ქარის სადგურებიდან.