მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ტემპერატურა კონტინენტებს შორის ყველაზე სწრაფად იზრდება - კვლევა

64956340be8dc
სალომე ხიდურელი
23.06.23 23:00
1395
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კონტინენტებს შორის, ევროპა ყველაზე სწრაფად თბება. ევროპაში ტემპერატურა 1980-იანი წლებიდან დღემდე საშუალო გლობალურ მაჩვენებელზე ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება.

2022 წელს ევროპა, დაახლოებით, 2.3°C-ით უფრო მეტად გათბა, ვიდრე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. გლობალური დათბობა 1990-იანი წლების შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა, ტემპერატურული რეკორდები კი უკვე არაერთხელ მოიხსნა და შეიცვალა.

ევროპის ზოგიერთ რეგიონში ეს ცვლილებები სხვებზე მეტადაა გამოხატული. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში ტემპერატურა საშუალოზე 2°C-ით გაიზარდა მაშინ, როცა არქტიკასთან ახლოს ტემპერატურის ზრდის 3.5°C-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ისტორიის განმავლობაში 2022 წელი კი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის ყველაზე ცხელი წელი იყო. კვლევის თანახმად, ექსტრემალურ ამინდს 16 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 156 000 ადამიანი კი დააზიანა. წყალდიდობა და შტორმი ეკონომიკურად ყველაზე დამაზიანებელი სტიქია იყო, მაშინ, როცა გვალვამ ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

2022 წელს ყინულის დნობის უპრეცენდენტო შემთხვევაც დაფიქსირდა. ევროპამ 1997 წლიდან 2022 წლამდე 880 კილომეტრ კუბი ყინული დაკარგა. ალპები ამ კუთხით ყველაზე მეტად დაზარალდნენ, რადგან აქ ყინულოვანი ზედაპირის დონე 2022 წელს 34 მეტრით შემცირდა.

იმავე კვლევის თანახმად, ევროპამ გასულ წელს პირველად გამოიმუშავა იმაზე მეტი განახლებადი, ვიდრე საწვავი ენერგია, რაც მომავლისთვის იმედისმომცემი მაჩვენებელია. ქარისა და მზის გენერირებულმა ენერგიამ ევროკავშირში გამომუშავებული ელექტროენერგიის 22.3% შეადგინა, საწვავით გამომუშავებული ენერგია კი 20% იყო.

კვლევაზე დაყრდნობით, სამხრეთ ევროპას მზის ენერგიის კუთხით ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს მაშინ, როცა ქარის ენერგია ოკეანისპირეთში ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები