ევროპელი მოკავშირეები უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვას მოითხოვენ.
როგორც BBC წერს, ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება აუცილებლად უნდა გულისხმობდეს უკრაინის მონაწილეობასაც. ევროპელი ლიდერების განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 15 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრამდე გამოქვეყნდა.
ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, პოლონეთის, ფინეთის ლიდერები და ევროკომისია აცხადებენ, რომ „საერთაშორისო საზღვრები ძალისმიერად არ უნდა შეიცვალოს“ და უკრაინას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი.
მათი თქმით, ევროპული ქვეყნები უკრაინის დიპლომატიური, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას გააგრძელებენ, რადგან მშვიდობის დიპლომატიური გზით მოპოვება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვისაც კრიტიკული მნიშვნელობისაა.
თავის მხრივ თეთრი სახლი აცხადებს, რომ ტრამპი მზად არის სამმხრივი შეხვედრისთვის, თუმცა რუსეთის მხრიდან ამ საკითხს ჯერ თანხმობა არ აქვს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპელ მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ომის დასრულება სამართლიანი უნდა იყოს და ეს ევროპის ინტერესებშიც არის.
კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმაც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხანგრძლივი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება.




























