სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია „კა ჯგუფის“ (KA Group) დამფუძნებელმა ირაკლი ჭიღლაძემ BMG-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ტურიზმის სექტორში არსებულ ტენდენციებსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც მიმდინარე წელი შეაჯამეს.
ირაკლი ჭიღლაძის შეფასებით, მიუხედავად წლის დასაწყისში არსებული გამოწვევებისა და ასევე, ივნისში ისრაელ-ირანის კონფლიქტის გავლენისა, ტურიზმის სექტორმა სტაბილურობა შეინარჩუნა და KA Group-ი 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, 15%-იანი ზრდით ამთავრებს.
მისი თქმით, „KA ჯგუფის“ მართვაში არსებულმა სასტუმროებმა 2025 წელს ათეულობით ქვეყნის სტუმარს უმასპინძლეს (მაგალითად, სასტუმრო „ასტორიამ“ - 68 ქვეყნიდან, ხოლო კურორტმა „საირმემ“ - 54 ქვეყნიდან) და ისევე როგორც მთლიანობაში ქვეყანაში, აქტიურობდნენ ტურისტები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან; ასევე, ცენტრალური აზიიდან [ყაზახეთი და უზბეკეთი].
რაც შეეხება ევროპიდან ტურისტების ტენდენციას, ირაკლი ჭიღლაძის დაკვირვებით, პანდემიის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ბაზარზე ევროპელი ტურისტების წილი (Market Share) მნიშვნელოვნად შემცირდა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ბაზრებიდან (გერმანია, პოლონეთი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი) ნაკადები კვლავ არსებობს, ისინი სხვა, უფრო სწრაფად მზარდი ბაზრების ფონზე ნაკლებად შესამჩნევი გახდნენ.
„ამიტომ ჩაიკარგა [ევროპელი ტურისტი] ანუ ბაზრის წილი არ აქვს იმდენი, როგორც ადრე, თუმცა რაოდენობრივად, ტრადიციული ბაზრებიდან კრიტიკული შემცირება არაა - ესპანეთი, გერმანია, იტალია - ამ ქვეყნებიდან გვყავს რეგულარული სტუმრები. ასევე, პოლონეთიდან, რომელიც უფრო ბიუჯეტური ბაზარია - აღსანიშნავია, რომ პოლონეთში არის რამდენიმე წამყვანი ტუროპერატორი, რომელსაც უკვე მრავალი წელია, მთავარ მიმართულებად საქართველო აქვს აღებული“, - აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.
გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპელი ტურისტები ძირითადად საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს ირჩევენ, რის გამოც ლოკალურ ბრენდებში მათი ნაკლებობა უფრო იგრძნობა.
როგორც „KA ჯგუფის“ დამფუძნებლისგან შევიტყვეთ, სახელმწიფო მარკეტინგულ აქცენტებს მნიშვნელოვნად ცვლის - ამის შესახებ ტურიზმის ინდუსტრიამ ტურიზმის ადმინისტრაციისგან შეიტყო. „თუ 2025 წელს მარკეტინგული ბიუჯეტის 61% ევროკავშირის ქვეყნებზე იხარჯებოდა, 2026 წლის გეგმით ეს მაჩვენებელი 47%-მდე მცირდება და უფრო აქცენტირება ხდება ჩინეთსა და ინდოეთზე“, - განაცხადა ირაკლი ჭიღლაძემ.
BMG ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაუკავშირდება და ეცდება, მეტი ინფორმაცია მიიღოს, 2026 წლის მარკეტინგულ ბიუჯეტზე, გეოგრაფიის და აქტივობების კალენდრის ჩათვლით.
„წერტილის“ წამყვანმა KA ჯგუფს დამფუძნებელს ჰკითხა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ტურიზმის ინდუსტრიის შეხვედრაზე დაისვა თუ არა კითხვები შეჩერებული ევროინტეგრაციის და ქაღალდზე დარჩენილი კანდიდატის სტატუსის ტურიზმზე გავლენაზე, რაზედაც ირაკლი ჭიღლაძემ უარყოფითი პასუხი გასცა.
„ჩვენ, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვფიქრობთ, რომ უნდა ვადაპტირდეთ და გადავეწყოთ... იქ მსგავსი მიმართულებით საუბარი არ ხდებოდა, არც იყო ამის სივრცე. უფრო იყო სტატისტიკის გაზიარება და მომავალი გეგმები,“ - განაცხადა მან.




























