მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ევროპელი ტურისტი გუდაურის საგზურს აღარ ყიდულობს" - რა მიზეზებზე საუბრობს ბიზნესი?

ესაკია

„მთის კურორტების ბიზნესს ასოციაციის” თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია ამბობს, წელს გუდაურში ტურისტების რაოდენობა გაზრდილი, შემოსავლები კი შემცირებულია. მიზეზი გეოგრაფიის ცვლილებაა. მის თქმით, ევროპელი ტურისტი გუდაურის საგზურს ინფრასტრუქტურული გამოწვევების გამო აღარ ყიდულობს, აზიელებს კი სათხილამურო კურორტის კულტურა არ აქვთ, შესაბამისად სერვისებზე მოთხოვნა შემცირებულია.

მიზეზებზე საუბრისას ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს და მართვის კრიზისს ასახელებს. მისი თქმით, კურორტი ვერც ტრასებზე და ვერც შიდა გზებზე უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

„წელს გუდაურში ძალიან ბევრი ტურისტია, მაგრამ ჩვენ რამდენიმე დღის წინ, ბიზნესს ასოციაციაში, გავაკეთეთ ჩვენი შემოსავლების ანალიზი და ვნახეთ, რომ წლევანდელი სეზონის შემოსავლები გუდაურში გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 15-20%-ით შემცირებულია. მიზეზი აშკარაა, კურორტზე ჩამოსული ტურისტი უფრო დაბალმხარჯველუნარიანია და ძირითადად აზიის ქვეყნებიდან მოდის, მაშინ როცა წინა წლებში ევროპელი, შედარებით მაღალმხარჯველი სეგმენტი ჭარბობდა.

ტურისტულმა ბიზნესს ასოციაციამ გუდაურში მოიწვია ფრანგი და ბრიტანელი ტუროპერატორები დუბაიდან, რათა გაგვერკვია, რატომ აღარ ჩამოდის ის მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი, რომლისთვისაც კურორტი წლების წინ მიმზიდველი იყო. ძირითადი პრობლემა რაც გამოიკვეთა ეს არის მოუვლელი ინფრასტრუქტურა და მართვის კრიზისი. მიუხედავად უხვი ნალექისა, ტრასები სათანადოდ არ მზადდება. ზაფხულში არ ხორციელდება აუცილებელი სამუშაოები, ვულკანური წარმოშობის რელიეფის გამო ტრასებზე მუდმივად ჩნდება ქვები, რომლებიც დროულად უნდა გაიწმინდოს. ეს არ გაკეთდა და ზამთარში, მიუხედავად 2–3 მეტრი თოვლისა, ადამიანები ქვებზე ზიანდებიან. მაღალმხარჯველი, გამოცდილ მოთხილამურე ასეთ დეტალებს მაშინვე ამჩნევს და ცხადია ეს არის მიზეზი რის გამოც აქ არ ისრიალებს.

ტრასების მოვლა დიდწილად ენთუზიაზმზე მდგომ თანამშრომლებს ეყრდნობა, რომლებიც წლებია უკეთეს პირობებსა და ანაზღაურებას ითხოვენ. -20 გრადუსში ისინი 1 500 ლარზე მუშაობენ, მაშინ როცა მთის კურორტების ხელმძღვანელს მხოლოდ ბონუსის სახით 159 ათასი ერიცხება.

ამას გარდა ტექნიკა გაუმართავია, თოვლის დამამუშავებელი მანქანების ნაწილი მწყობრიდან არის გამოსული და სათანადო პირობებში არც ინახება, რის გამოც ტრასების ხარისხიანი დამუშავება ვერ ხერხდება. ამაზე რომ ვისაუბრე გამლანძღეს ამან რა იცისო.

უსაფრთხოების ნაწილშიც სერიოზული ხარვეზებია: მთაზე ხშირად არ არის გამაფრთხილებელი ნიშნები; არ არსებობს სრულფასოვანი ამბულატორია; არ არის ბავშვთა ექიმი; სერიოზული დაზიანების შემთხვევაში პაციენტს თბილისში გადაყვანა სჭირდება.

მთავარი! ექვს წლიანი მოთხოვნის შემდეგ როგორც იქნა გზა დაგვიგეს. ამ გზას გაუკეთეს საფეხმავლო ბილიკი, მაგრამ ისე გაუკეთეს, რომ ვერც კი მოიფიქრეს, როგორ შეიძლება ამ საფეხმავლო ბილიკის გასუფთავება, ლოგისტიკა საერთოდ არ დაუგეგმავთ. ეს ბილიკი გააკეთეს გზის ხარჯზე, გზა დავიწროვდა, ორ მანქანასაც კი არ შეუძლია გვერდის ავლა. საპარკინგე სივრცეებზე ფიქრი მხოლოდ მაშინ დაიწყეს, როცა კურორტი პარალიზებული გახდა. საცობების პირობებში სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ გადაადგილდება. იყო ნაგვის მართვის კრიზისიც. პასუხისმგებლობა უწყებებს შორის გაურკვევლად გადანაწილდა, რამაც ქაოსი გამოიწვია.

ერთადერთი მიმართულება, სადაც რეალური გაუმჯობესება იგრძნობა, არის პოლიციის მუშაობა. წესრიგისა და უსაფრთხოების საერთო დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.“ - აცხადებს ესაკია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები