მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის აღდგენისა და უსაფრთხოების გარანტიების 6-პუნქტიანი გეგმა წარადგინეს

უკრაინა

ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად 6-პუნქტიანი გეგმა წარადგინეს, რომელიც ომში მყოფი მოკავშირისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენას მოიცავს.

როგორც ირკვევა, დებულების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ უკრაინას მშვიდობიანობის პერიოდში 800,000 ჯარისკაცისგან შემდგარი რეგულარული არმიის ყოლის საშუალება უნდა მიეცეს. ამასთან, უკრაინაში უნდა განთავსდეს მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცებისგან შემდგარი სამხედრო დანაყოფი, რომელსაც მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატები გაუწევს. უსაფრთხოების თვალსაზრისით კიდევ ერთი მუხლი არის ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე უნდა ჩამოყალიბდეს მუდმივი მონიტორინგის სისტემა, რომელიც დარღვევებს აღმოაჩენს, ვითარების ესკალაციას კი მაქსიმალურად შეუშლის ხელს.

ექვსპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი ასევე არის ხელმომწერი ქვეყნების მიერ ოფიციალური ვალდებულების აღება, რომ მოკავშირე შესაძლო სამხედრო, ეკონომიკური თუ დიპლომატიური ზეწოლის შემთხვევაში დაიცვან.

რაც შეეხება ეკონომიკურ კომპონენტს, ამ კუთხით საუბარია სარეკონსტრუქციო ინვესტიციების განხორციელებაზე, ასევე ვაჭრობის სფეროში დახმარების გაწევაზე და უკრაინისთვის რეპარაციების გადაცემის უზრუნველყოფაზე. თუმცა ეს საკითხი პრობლემურად რჩება, რადგან ბელგია, როგორც სახელმწიფო, სადაც გაყინული რუსული აქტივები ინახება, მსგავსი ნაბიჯის გადადგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. წარმოდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელმომწერმა ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ამასთან, უნდა პატივი სცენ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებს და ხელი შეუწყონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები