მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპიდან ტურისტული ჯგუფები ისე აქტიურად აღარ ჩამოდიან, სიფრთხილეს იჩენენ - Queen Tamada

ტურისტები

ტურისტული კომპანია Queen Tamada-ში აცხადებენ, რომ საქართველოში მოგზაურობისგან ევროპელი ვიზიტორების ნაწილი თავს იკავებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი დარციმელიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მათ შემთხვევაში, ევროპელი ტურისტული ჯგუფების რაოდენობა შემცირებულია, რაც გარკვეულწილად ახლო აღმოსავლეთის ომის გამო რეგიონში შექმნილ არასტაბილურობას უკავშირდება.

გიორგი დარციმელიას განცხადებითვე, ვიზიტორების რაოდენობის შედარებით აღდგენა შეინიშნება არაბული ქვეყნებიდან.

“ჩვენთვის [ტურისტულ ნაკადებში] კლება არის. ევროკავშირზე ვართ ძირითადად ორიენტირებული, დიდ ბრიტანეთზე, ისრაელზე. ისრაელზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ევროკავშირი ძირითადად თავს იკავებს ხოლმე [საქართველოში ჩამოსვლისგან]. ერთ-ერთ მიზეზად ირანთან სიახლოვე იყო დასახელებული. გარდა ამისა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის და იქ საომარი ვითარების გამო, ითვლება, რომ მაინცდამაინც უსაფრთხო არ უნდა იყოს [საქართველოში ჩამოსვლა] და ამის გამო ბევრი თავს იკავებს დღესაც.

ვრჩებით ფოკუსირებული და ერთგულები [ევროპის ბაზარზე], იმიტომ რომ გვინდა, რომ ევროკავშირის ბაზარს მაქსიმალურად მოვერგოთ და მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი მაღალი სტანდარტის ტურისტული სერვისების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი. თუმცა [ევროპიდან] ერთგვარი სიფრთხილე არის. დადიან დამოუკიდებლადაც განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპა აქტიურობს, პოლონეთი გამოირჩევა ამ მხრივ. თუმცა, ვიზიტორების იმ რაოდენობას, რომელსაც საქართველო შეეძლო მოენახულებინა, ამ ეტაპზე თავს იკავებს. მათ შორის გერმანელებზეც მაქვს საუბარი, გერმანიიდან [ტურისტული] ჯგუფები ისე აქტიურად აღარ დადიან, როგორც ადრე დადიოდნენ.

რაც შეეხება სპარსეთის ყურის ქვეყნებს, იცით, რომ [საომარმა] მოქმედებებმა და ირანის მიერ რაღაც ადგილების დაბომბვამ ფრენების შეჩერება გამოიწვია და კლება ამასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, თუ ავიღებთ დღეს ტენდენციას, იგივე საუდის საუდის არაბეთს ძალიან დიდი ზრდა აქვს და იმედი მაქვს, რომ ეს შენარჩუნდება. ზოგადად, ძალიან საინტერესო არის ეს ჰაბი, დუბაი, საამიროები, საიდანაც ტურისტების ზრდას ყველანაირად მივესალმებოდი”, - განაცხადა გიორგი დარციმელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები