მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის აზრით, მოვიდა დრო, როდესაც EU-ს კანდიდატის სტატუსი, შესაძლოა, სომხეთსაც მიეცეს - დეპუტატი

სომხ

“რეზოლუცია ნიშნავს, რომ ევროპარლამენტსა და ევროპულ ოჯახში მიღებული მოსაზრებაა, რომ მოვიდა დრო, როდესაც EU-ს კანდიდატის სტატუსი, შესაძლოა, სომხეთსაც მიეცეს” - ამის შესახებ BMG-ის სომხეთის ბიუროს სომხეთის ეროვნული ასამბლეის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა, არმან იეგოიანმა განუცხადა.

საქმე ისაა, რომ 14 მარტს ევროპარლამენტმა რეზოლუციის პროექტი მიიღო, რომელიც ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირს და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობას გულისხმობს.

არმან იეგოიანი BMG-სთან აღნიშნავს, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების დაწყებაა აუცილებელი, რათა მხარეებმა ახალ შეთანხმებასაც მიაღწიონ.

“ძალიან ვაფასებთ ამ რეზოლუციას, რომელიც მიიღეს პოლიტიკოსებმა, რომლებიც თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ, პოლიტიკურ ცხოვრებას თავიანთ ქვეყნებში ეწეოდნენ და, როგორც საკუთარი სამშობლოს, ისე ევროპული ინსტიტუტების პოლიტიკურ სპექტრს წარმოადგენენ. რეზოლუცია ნიშნავს, რომ ახლა სხვა ინსტიტუტებმაც, იქნება ეს ევროპული საბჭო თუ ევროკომისია, საკუთარი უკუკავშირი უნდა დაგვიბრუნონ, ან ჩვენ უნდა დავიწყოთ მათთან მოლაპარაკებები სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე.

ჩვენი ურთიერთობის ამჟამინდელი სტატუსისა და განსახორციელებელი რეფორმების გათვალისწინებით, ასევე უკვე არსებული შეთანხმების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ყველაფერი უნდა გადაიხედოს. უნდა განისაზღვროს ჩვენი პარტნიორობის ახალი პრიორიტეტები, რაც მიმდინარე პროცესია და ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ვიდრე იმ ეტაპს მივაღწევთ, რომელზეც ევროპარლამენტი საუბრობს, მაგრამ პოლიტიკური სურვილის ასე გაცხადებაც ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა იეგოიანმა.

ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაწყებულია, რაც ქვეყანას ბლოკთან კიდევ უფრო დააკავშირებს. იეგოიანის თქმით, მხოლოდ რეალისტური რეფორმების გატარების შემდეგ მიიღებს სომხეთი უფრო მასშტაბურ ცვლილებებს.

კითხვაზე, რა გავლენას იქონიებს ევროინტეგრაცია სომხეთის ეკონომიკაზე, მისი თქმით, ეს მთლიანად სომხეთის მიდგომებზეა დამოკიდებული.

“რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი სომხეთის ეკონომიკაზე, მთლიანადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ჩვენ როგორ მივუდგებით ამ საკითხს. ეს დამოკიდებულია ჩვენს ხელსაწყოებზე, ჩვენს პოლიტიკურ და ტექნიკურ ჩართულობაზე, და თანამშრომლობაზე როგორც EU-სთან, ასევე ჩვენს ამჟამინდელ სავაჭრო პარტნიორებთან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი მსოფლიოში. გააჩნია, რამდენად ხარისხიანად წარვმართავთ მოლაპარაკებების პროცესს”, - ამბობს არმან იეგოიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები