ევროპარლამენტმა რეზოლუციის პროექტი მიიღო, რომელიც ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირს და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების აუცილებლობას გულისხმობს. რეზოლუციის პროექტს, მხარი 504-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო ოთხი წინააღმდეგი იყო.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, EU-ის წევრები წინადადებით გამოდიან, სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა განიხილონ.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები ეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.
რეზოლუციის პროექტში ასევე საუბარია სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაზეც:"აზერბაიჯანელი სამხედროები აგრძელებენ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის თითქმის 170 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას“, – წერია რეზოლუციის პროექტში.
აღნიშნული რეზოლუციის ავტორი არის „ევროპის სახალხო პარტია".
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა უნდა იფიქროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზე.
"მჯერა, რომ ჩვენი ქმედებები აჩვენებს, რომ დემოკრატიის ბევრ ინდიკატორში ჩვენ უფრო მაღლა ვართ, ვიდრე ბევრი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც უკვე ევროკავშირის წევრია.ამას ჩვენ არ ვამბობთ, ამას ჩვენი ევროკავშირის პარტნიორები ამბობენ. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ (ევროკავშირის), მაგრამ არ მინდა ვიჩქარო, რადგან უეცარი ნაბიჯების გადადგმა კარგი არ არის“, – აცხადებდა იგი.