მომავალი თვიდან ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აანონსებს. მმართველი საბჭოს განცხადებით, დაგეგმილია რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდა.
ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 0.00%-იან, ხოლო სადეპოზიტო განაკვეთი ნეგატიურ -0.50%-იან ნიშნულზეა.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ცენტრალური ბანკი ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს ამცირებს - ECB-ის ვარაუდით, 2022 წელს ევროზონის ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება; 2023 წელს კი მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2.1%-ს მიაღწევს.
საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება წლის დასაწყისში პროგნოზირებულ მაჩვენებლებს: 2022 (+3.7%); 2023 (+2.8%).
რაც შეეხება ინფლაციის დონეს, გასულ თვეს ევროზონაში ფასების ზრდის დონემ რეკორდულ 8.1%-იან ნიშნულს მიაღწია. ევროპის ცენტრალური ბანკის განახლებული პროგნოზით, 2022 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 6.8%-იან ნიშნულამდე შემცირდება, ხოლო 2023 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 3.5%-ის ფარგლებში იქნება. ამ შემთხვევაში, ECB-ის მიმდინარე პროგნოზი 1.7%-ით აღემატება წლის დასაწყისში პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
ECB-ის განმარტებით, პროგნოზების მნიშვნელოვანი გაუარესება რუსეთ-უკრაინის ომითა და პანდემიითაა გამოწვეული.




























