ევროსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში ევროზონის წევრ ქვეყნებში წლიური ინფლაციის დონე 2.4%-ია. ანგარიშის მიხედვით, ამჟამად ევროზონაში ყველაზე მაღალი ინფლაცია სლოვაკეთშია და ის 6.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს ხორვატია (5.5%), მესამეს კი ავსტრია იკავებს 4.9%-ის ოდენობის წლიური ინფლაციით. ევროზონაში ყველაზე დაბალი ინფლაცია ბელგიაშია, სადაც ევროსტატის თანახმად, გასულ თვეში ინფლაციის ნაცვლად 0.7%-იანი დეფლაცია აღინიშნა.
შედარებისთვის, სექტემბერში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ცვლილებამ 0.1% შეადგინა, რაც ევროზონის ინფლაციას რამდენჯერმე ჩამორჩება.
2023 და 2024 წლებისთვის ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ია, თუმცა 2021 წლის მესამე კვარტალიდან მოყოლებული ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს აღემატება, თუმცა აგვისტოდან მოყოლებული წლიური ინფლაცია 5.2%-დან ფაქტობრივად განახევრდა და 2.4%-მდე შემცირდა.
ევროსტატის მონაცემებით, ევროზონაში ფასების ზრდის ძირითადი მდგენელი სურსათის ჯგუფის გაძვირებაა, სადაც ფასები 6.9%-ით არის გაზრდილი. თუმცა, ფასების კლება შეიმჩნევა ენერგომატარებლების ჯგუფში, რაც საწვავისა და ბუნებრივი აირის ფასების შემცირებას უკავშირდება. ამ ჯგუფში ფასები 11.5%-ით შემცირდა.
ევროზონის წევრი ქვეყნების ინფლაცია ევროსტატის შეფასების მიხედვით:
| ქვეყანა | წლიური ინფლაცია |
| სლოვაკეთი | 6.9% |
| ხორვატია | 5.5% |
| ავსტრია | 4.9% |
| სლოვენია | 4.5% |
| ესტონეთი | 4.0% |
| საფრანგეთი | 3.8% |
| მალტა | 3.8% |
| ესპანეთი | 3.2% |
| საბერძნეთი | 3.0% |
| კვიპროსი | 2.5% |
| გერმანია | 2.3% |
| ირლანდია | 2.3% |
| ლიტვა | 2.3% |
| პორტუგალია | 2.3% |
| ლუქსემბურგი | 2.0% |
| ნიდერლანდები | 1.4% |
| ლატვია | 1.1% |
| ფინეთი | 0.8% |
| იტალია | 0.7% |
| ბელგია | -0.7% |
2023 წლის 14 სექტემბერს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 4.5%-მდე გაზარდა, 26 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კი განაკვეთის უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.




























