ფიფას და უეფას წესები, რომელიც ამ ორ ორგანიზაციას უფლებას აძლევს დაბლოკონ სხვა ალტერნატიული ტურნირები ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ევროკავშირის სასამართლოსთან შეუსაბამოდ მიიჩნია.
სუპერლიგის დამფუძნებელი კლუბების ასისტენტირებისთვის შექმნილი ორგანიზაციის A22-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნდ რაინხარტმა განაცხადა, რომ უეფას მონოპოლია დასრულებულია, კლუბები თავისუფლები არიან და თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი.
თავდაპირველი პროექტის თანახმად უეფას სუპერლიგა უნდა ყოფილიყო დახურული ტურნირი, რომელიც მხოლოდ კონკრეტული, ტოპ კლუბებისთვის იქნებოდა განკუთვნილი და სხვა მეორე ხარისხოვან გუნდებს მასში მონაწილეობის უფლება არ ექნებოდათ.
ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუპერლიგა არ იქნება დახურული პროექტი და გათვალისწინებული იქნება აღზევება/დაქვეითების სისტემა და ამასთანავე ქალთა ფეხბურთიც. რაც შეეხება თამაშების სატელევიზიო ტრანსლაციას ის ყველა მაყურებლისთვის უფასო იქნება და სპეციალურად ჩემპიონატისთვის შექმნილ პლატფორმა Unify-ზე იქნება განთავსებული.
სუპერლიგაში მონაწილეობას 64 გუნდი მიიღებს, რომელიც სამ დივიზიონად იქნება გაყოფილი. უმაღლესი დივიზიონის სახელწოდება Star League (ვარსკვლავური ლიგა) იქნება, მეორე დივიზიონის Gold League (ოქროს ლიგა) და ბოლოს, Blue League (ლურჯი ლიგა). ვარსკვლავურსა და ოქროს ლიგაში 16 გუნდი იქნება, ხოლო ლურჯი ლიგა 32-გუნდიანი იქნება. ეს სახელები ევროკავშირის დროშის დეტალების გამო დაერქვა. კლუბები ითამაშებენ 8-გუნდიან ჯგუფებში, შინ და გარეთ, რაც ჯგუფურ ეტაპზე გარანტირებულ 14 მატჩს ნიშნავს. ამის შემდეგ 8 საუკეთესო კლუბი პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას. ლიგებს შორის იქნება აღზევება/გავარდნის შესაძლებლობაც. ლურჯ ლიგაში მოხვედრა კი ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ქალთა ლიგას აქ ორი დივიზიონია, სტარლიგა და ოქროს ლიგა, 16-16 გუნდით.
ცნობისთვის, ჯერ სუპერლიგის პროექტში გადაწყვეტილი არაფერია, რადგან ინგლისის პრემიერ ლიგის თითქმის ყველა კლუბი განუდგა პროექტს და მასში მონაწილეობის მიღება არ ისურვა. ამასთან ტურნირში ჩართვაზე უარი განაცხადეს: “მიუნხენის ბაიერნმა”, “ბენფიკამ”, “პსჟ-მ”, “დორტმუნდის ბორუსიამ”, “მილანის ინტერმა” და ა.შ.