ევროკავშირის ქვეყნებში წყალსატევების უმრავლესობა ქიმიკატებით არის დაბინძურებული - ამის შესახებ Reuters ევროკომისიის ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება. ანგარიშში ევროპის წყლის რესურსებია მიმოხილული.
მიმდინარე წელს ევროკავშირის მიზანი კლიმატის ცვლილების გამო შექმნილი წყლის დეფიციტისა და გვალვის პრობლემების დაძლევაა. წლის განმავლობაში ბლოკი წყლის რესურსებზე სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის, დაბინძურებისა და ურბანიზაციის გავლენას შეაფასებს.
ევროკავშირის შეფასებით, ბლოკის მასშტაბით არსებული ტბების, მდინარეებისა და სანაპირო წყლების მხოლოდ 39%-ია კარგ ეკოლოგიურ კონდიციაში, მათგან კი მხოლოდ 26.8%-ს ჰქონდა დადებით ქიმიური სტატუსი.
ანგარიშში მცირე გაუმჯობესებაზეც არის საუბარი, მაგალითად, ტბებში წყლის მცენარეების მიმართულებით, თუმცა წყალსატევების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია.
ვითარება გაცილებით უკეთესია ევროპის მიწისქვეშა წყლების შემთხვევაში. მათი 86%-ის ქიმიური სტატუსი დადებითად შეფასდა, მიუხედავად იმისა, რომ, EU-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობაში აგრომეურნეობაში გამოყენებული ნიტრატები მიწისქვეშა წყლის რესურსებს აბინძურებს.
გარემოსდაცვითი ევროკომისარი, ჯესიკა როზვალი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ წყლის დაბინძურების პრობლემა წლების განმავლობაში იყო იგნორირებული შესაბამისი უწყებების მიერ. მისივე თქმით, ამ პრობლემების აღმოფხვრა პოლიტიკური გამოწვევა იქნება, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ბლოკს წყლის რესურსებზე მიწათმოქმედების არსებით გავლენაზე მოუწევს ყურადღების გამახვილება. კომისარი აღნიშნავს, რომ ნიტრატებით დაბინძურების აღმოსაფხვრელად რადიკალური ზომების მიღება იქნება საჭირო, რაც პოლიტიკურ სირთულეს წარმოადგენს.
ევროკავშირის მიზანი წევრი ქვეყნების უმრავლესობაში წყალსატევების “კარგ” კონდიციამდე მიყვანაა, რისთვისაც სახელმწიფოებს ვადა 2027 წლამდე ჰქონდათ, თუმცა მოსალოდნელია, რომ ქვეყნების უმრავლესობა მიზანს ვერ შეასრულებს.