მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული გაზის ბაზარზე სერიოზული აქტორი ვხდებით - ალიევი

63be8dd460b66
მარიამ ვარადაშვილი
11.01.23 14:48
940
აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტო Apa.az ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევის ინტერვიუს ავრცელებს, რომელიც მან ადგილობრივ მედიას მისცა.

ინტერვიუში ალიევმა გასული წლის ზაფხულში ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს ენერგეტიკული უსაფრთხოება გლობალური გამოწვევა გახდა, ხოლო ევროპის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად იქცა.

საუბარია 2022 წლის ივნისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის იმპორტის საკითხზე ხელმოწერილ მემორანდუმზე. შეთანხმება 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.

ევროკომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისგან უკვე იღებენ გაზრდილი მოცულობით გაზს, რამაც 2021 წელს 8.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა; 2022 წლის მოლოდინით კი ეს მოცულობა 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

“აზერბაიჯანის ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელობა ძალიან გაიზარდა. ჩვენი სამხრეთის გაზის კორიდორი მუშაობს და ველოდებით შაჰ-დენიზის საბადოდან დამატებით მოცულობის გაზს, ისევე როგორც სხვა საბადოებიდან. აზერბაიჯანის პოტენციური რეზერვების შესახებ ცნობილია და ის 2.6 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისი მოცულობა უფრო დიდი იქნება. ჩვენი გამოცდილება ნავთობთან დაკავშირებით გვკარნახობს, რომ ბურღვითი სამუშაოების გაგრძელებასთან ერთად, მოსალოდნელზე მეტ მოცულობას ვხვდებით. აზერბაიჯანს საკუთარი საბადოებიდან საერთაშორისო ბაზრებისთვის გაზის მიწოდება სულ მცირე კიდევ 100 წლის განმავლობაში შეუძლია. აქედან გამომდინარე, 2.6 ტრილიონი კუბური მეტრი არის ჩვენი რეალური პოტენციალის მინიმალური მოცულობა. ევროკავშირთან ერთად ჩვენი მიზანია მიწოდება გავზარდოთ. ამისთვის წარმოებაში ინვესტირებაა საჭირო. TANAP-სა და TAP-ის გაზსადენები გათვლილია იმ მოცულობებზე, რაზეც კონტრაქტები გვაქვს გაფორმებული. მხედველობაში არ მიგვიღია ევროპისთვის გაორმაგებული მიწოდების საჭიროება ამ მოკლე პერიოდში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ ამას გულისხმობს ურსულა ფონ დერ ლაიენთან მიღწეული შეთანხმება”, - აცხადებს ალიევი.

მისივე თქმით, ევროკავშირთან გაფორმებული მემორანდუმის შესრულების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს. 2021 წელს ევროპისთვის გაზის მიწოდების მოცულობამ 8 მილიარდი კუბურ მეტრს მცირედით გადააჭარბა, ამ 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი თითქმის 12 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

“მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ წლევანდელი ექსპორტის მოცულობა ჯამში 24 მილიარდ კუბური მეტრს მიაღწევს. ამის გათვალისწინებით ჩვენ უკვე გავხდით სერიოზული აქტორი გაზის ბაზარზე, მათ შორის ევროპულ ბაზარზე. უკვე ვფიქრობთ გავაორმაგოთ TANAP–ისა და TAP-ის გამტარუნარიანობა”, - ამბობს ალიევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები