მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული ღირებულებაა მშვიდობიან საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც აზრის გამოთქმა, რეპრესიების შიშის გარეშე შეგვიძლია - სტივენ ბლოკმანსი

ბლოკმანსი

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, სტივენ ბლოკმანსი, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მედიასთან თბილისში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული ღირებულება, რომლისკენაც ქართველი ხალხი მიისწრაფვის, შიშის გარეშე საკუთარი აზრის დაფიქსირებას ნიშნავს.

“მოხარული ვარ, რომ თბილისში ახლა და ამ დროს ვიმყოფებით, ევროპის დღეს აღვნიშნავთ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ევროპულ ღირებულებებს, რომლისკენაც მივისწრაფვით: ცხოვრება მშვიდობიან საზოგადოებაში, სადაც ყველას შეგვიძლია აზრის დაფიქსირება, ცემისა და რეპრესიების შიშის გარეშე - თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად ვხედავთ.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასეთ დროს თბილისში ყოფნა, რათა მკაფიოდ გავუსვათ ხაზი საქართველოს ევროპული მიმართულებით სვლის მნიშვნელობას - ეს არის ის, რაც ქართველმა საზოგადოებამ აირჩია და ვმუშაობთ მათთან ერთად, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ”, - ამბობს ბლოკმანსი.

იგი აღნიშნავს, რომ საქართველო მსგავს ვითარებაში აქამდეც ყოფილა, თუმცა ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხებები დაძლევადია, მთავარია, სამოქალაქო საზოგადოება ევროპული კურსის ერთგულად დარჩეს.

“საქართველო მსგავს სიტუაციაში აქამდეც ყოფილა. ჩვენ გასულ წელს ვნახეთ ამ კანონის გაწვევა და ახლა ვხედავთ მის ხელახალ ინიციირებას, მიუხედავად მოწინააღმდეგეთა დიდი რაოდენობისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან.

ვფიქრობ, საქართველოს გეზი აბსოლუტურად ნათელია. საქართველოს მოსახლეობას სურს, რომ შეუერთდეს ევროკავშირს და მიილტვის ცხოვრების უკეთესი სტანდარტების, მშვიდობიანი და დღეგრძელი საზოგადოების ყოლისკენ, სუფთა გარემოსკენ, მოგზაურობისკენ, აზრის გამოხატვის თავისუფლებისკენ - ეს მიზანი მიღწევადია, მიუხედავად იმ შეფერხებებისა, რომლებსაც ახლა ვაწყდებით. რა თქმა უნდა, ისინი უნდა გადაილახოს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ იპოვოს ძალა, სრულად გადალახოს მთავრობის წნეხი და დარჩეს თავისი კურსის ერთგულად, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით”, - აცხადებს სტივენ ბლოკმანსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები