მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ ბიზნესი თუ ავსებს დეკლარაციებს, პრობლემას ვერ ხედავს გამჭვირვალობის ეს სტანდარტი მედიასა და არასამთავრობო სექტორზეც გავრცელდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს უცხო ძალის გამტარად რეგისტრაცია არ უწევს და "რუსული კანონიც" ცალსახად სცდება დეკლარაციების ჩაბარების ჩარჩოს, ჭელიძე მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა არ არის.
"რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესში განსხვავებული პოზიცია ნამდვილად არსებობს, თუმცა კერძო სექტორის დიდი ნაწილი და ჩემი პირადი პოზიციაც ასეთია - თუ ყველა ბიზნესი ვალდებულია 2019 წლიდან ფინანსთა სამინისტროს ჩააბაროს ყველა უწყისი, როგორც შემოსავალთან, ისე ხარჯებთან დაკავშირებით, მაშინ ყველა სხვა სუბიექტმაც, მათ შორის არასამთავრობო სექტორმაც იგივე გააკეთოს. ეს მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და დღევანდელი ვერსიით ამაზეა საუბარი. შემდეგ თუ რამე დაემატა ან შეიცვალა, ამაზე ახლა არ ვსაუბრობ.
დღევანდელი ვერსიით, მხოლოდ და მხოლოდ დეკლარირებასა და გამჭვირველობაზეა საუბარი და ბიზნესის დიდი ნაწილი ამას ემხრობა იმ ლოგიკით, რომ თუ კერძო სექტორი უკვე მრავალი წელია ამ მეთოდით მუშაობს, მაშინ არასამთავრობოებმაც ჩააბარონ ანგარიში" - აცხადებს ჭელიძე.
კითხვაზე, როგორია ბიზნესზე კანონის ასახვა, ჭელიძე ამბობს, რომ პოლიტიკა და ბიზნესი უნდა გაიმიჯნოს, თუმცა ასოციაციის ფარგლებში უკვე შეუჩერა ერთმა ევროპულმა ორგანიზაციამ გრანტი, რადგან მოვლენების განვითარებას აკვირდებიან.
"კურსი უფასურდება იმიტომ, რომ რაღაც გადმორიცხვები შენელდა, ანუ შეაჩერეს. ჩვენს ასოციაციას ჰქონდა შემთხვევა, როცა 2 თვით პაუზა აიღეს გრანტზე, რომ დავაკვირდებითო რაღაც მოვლენებს, ეს ევროპიდან მოდიოდა. ასევე, ბევრმა ტურისტმა ჯავშნები გააუქმა ამ მოვლენების გამო და ამან ცალსახად იმოქმედა კურსზე. ეს ვიღაცის განცხადებით არ არის. ეს არის პროცესი, რომელიც დაგროვდა. ჩვენი პოზიცია ცალსახად პრობიზნესურია, ბიზნესი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს", - თქვა ჭელიძემ.