ევროპის 21 ქვეყანაში დამსაქმებლების 75% კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის. ამაზე Euronews-ის ცნობით, 2023 წლის კვლევები მეტყველებს. ცნობისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს 42%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მხრივ ვითარება მკვეთრად გაუარესებულია.
კვალიფიციური კადრების პრობლემა ყველაზე მწვავე გერმანიასა და საბერძნეთშია, სადაც დამსაქმებელთა 82%-ს უჭირს კვალიფიციური კადრების შოვნა. მას მოჰყვება ირლანდია და პორტუგალია - 81%-ით, შემდეგ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი - 80%-ით, სლოვაკეთი და რუმინეთი 79%-ით. ათეულში ასევე შედიან ესპანეთი და ავსტრია 78%-ით. ამ მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ფინეთში - 59%, ასევე პოლონეთსა და ჩეხეთში - 66%.
ამასთან, აღსანიშნია, რომ კვალიფიციური კადრების პოვნის პრობლემა 2018 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრად ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში გაიზარდა. მაგალითად, ირლანდიაში 18%-დან 81%-მდე, დიდ ბრიტანეთში - 19%-დან 80%-მდე, ხოლო ესპანეთში - 24%-დან 78%-მდე გაიზარდა იმ დამსაქმებელთა რაოდენობა, ვინც კვალიფიციური კადრების დეფიციტს უჩივის.
კვლევის შედეგებმა, რომელიც შრომითი ბაზრის საკონსულტაციო კომპანია ManpowerGroup-მა 2023 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა, აჩვენა, რომ ტალანტების დეფიციტი მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევაა.
„ევროპაში ჩვენ ვხედავთ უმუშევრობის დონის შემცირებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ არის საკმარისი კვალიფიციური კადრი არსებული და ახალი სამუშაო ადგილების შესავსებად. ეს ნაწილობრივ ხსნის იმას, თუ რატომ არის გერმანიაში კვალიფიციური კადრების კუთხით არსებული პრობლემის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ფინეთში, მაშინ როდესაც 2023 წელს გერმანიაში უმუშევრობის დონე იყო 3%, ხოლო ფინეთში - 7%“, - განაცხადა ManpowerGroup-ის წარმომადგენელმა მარა შტეფანმა.
გარდა ამისა, გასულ წელს Eurobarometer-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირში მცირე და საშუალო საწარმოების 54% კომპანიისთვის TOP-3 გამოწვევას შორის ერთ-ერთს სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტს ასახელებს.
რაც შეეხება პროფესიებს, მცირე და საშუალო საწარმოების მესამედს ტექნიკოსების, მათ შორის ლაბორატორიის თანამშრომლების, მექანიკოსების ნაკლებობა აქვს (42%), ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტების - 23%, IT ექსპერტების - 18% და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის განცხადებით, შრომით ბაზარზე არსებული პრობლემები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ბოლო ათი წლის განმავლობაში მზარდია. ამას კი სამი ძირითადი მიზეზი აქვს: დემოგრაფიული პრობლემები, ტექნოლოგიური პროგრესით გამოწვეული მოთხოვნა შესაბამისი უნარებით აღჭურვილ კადრებზე და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული გამოწვევები.
ცნობისთვის, ევროკავშირში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა 2012 წელს 269 მილიონი იყო, 2021 წელს კი 264 მილიონამდე შემცირდა. ანალიტიკოსების მიხედვით, ამ კუთხით 2050 წლისთვის კიდევ 35-მილიონიანი კლებაა მოსალოდნელი.
კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა მზარდ ტენდენციად ჩამოყალიბდა საქართველოშიც. ბიზნესი არამხოლოდ კვალიფიციური, არამედ ზოგადად კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის. სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის მრეწველობის, ვაჭრობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორები. სამუშაო ძალის პრობლემა კი განსაკუთრებით მწვავეა ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებისთვის.