ამასთან, კოვზანაძე იმედოვნებს, რომ ქვეყანაში რეფორმების პროცესი გაგრძელდება.
"ამ ხელშეკრულების წამყვანი კომიტეტი იყო ჩემი კომიტეტი. ჩემ დამოკიდებულებას გეტყვით ამ საკითხზე, კომიტეტზე ჩემთან დამტკიცდა ეს კანონპროექტი და რატიფიცირებისთვის გავიტანე სესიაზე. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და აქ არის წერტილი.
მეორე, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი, რას აიღებს, რას არ აიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
მესამე, ასევე მინდა გითხრათ, რომ ევროპული საფინანსო ინსტიტუტებისგან ჩვენ აუცილებლად გვჭირდება თანხები, ასეთი თანხები ამ ბიუჯეტშიც გვიდევს ახლა, თანხები, რომლებიც გვჭირდება და მისაღები გვაქვს და ეს რამდენიმე ასეული მილიონის რესურსია. ამასთანავე, მომავალი წლის ბიუჯეტშიც გვჭირდება ეს თანხები, რათა ბიუჯეტის დაფინანსების წყაროები გვქონდეს - ეს არის ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით.
მე იმედი მაქვს, რომ რეფორმები გაგრძელდება. აუცილებლად გვჭირდება ევროპული საფინანსო ინსტიტუტები, აქ არ არის მხოლოდ ევროკავშირზე საუბარი, აქ არის ევრობანკი, აქ არის EIB, KFW და სხვადასხვა ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტების თანხები ამ ბიუეჯტშიც დევს, რომელიც წლის ბოლომდე მისაღები გვაქვს," - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს, ევროკავშირის 150 მლნ-ევროიანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე - 75 მლნ ევროს მიღებაზე. მართალია, „ოცნების“ ხელისუფლების წევრები ირწმუნებიან, რომ უარის მიზეზი მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული მილიარდი ლარია და ასევე მიზანი, შეამცირონ ქვეყნის საგარეო ვალი, მაგრამ ფაქტია, EU-ს მაკროეკონომიკური ტრანში 2021 წლის 30 სექტემბრამდე იმ შემთხვევაში გადმოირიცხებოდა, თუ საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში ევროკავშირთან შეთანხმებით აიღო. მათ შორის იყო სასამართლო სისტემის რეფორმირება. „პატივს ვცემთ რა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის მდგრადობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“, - განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოს მთავრობის პასუხად.




























