მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი: ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით

მარია პეჯინოვიჩ ბურჩი

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეჯინოვიჩ ბურჩი საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. “რუსული კანონის” მეორე მოსმენით მიღებით ღრმად შეშფოთებულია - ამის შესახებ აღნიშნულია ბურიჩის განცხადებაში, რომელსაც ევროსაბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ბურიჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი უნდა დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას ამ კანონთან დაკავშირებით იქამდე სანამ მისი მესამე მოსმენით კენჭისყრა გაიმართება, რადგანაც არსებობს მკვეთრი შეფასება, რომ ეს კანონპროექტი არ არის თანხვედრაში ევროპულ ღირებულებებთან და ადამიანის უფლებებთან.

“მე ვარ ღრმად შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ამ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კანონმდებლობის თავსებადობა ევროპულ ღირებულებებთან და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან კითხვის ნიშნის ქვეშაა, მოვუწოდებ რომ საქართველოს პარლამენტი დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას, იქამდე სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ,”- განაცხადა ბურიჩმა.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ასევე გმობს საქართველოს პარლამენტის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ხელისუფლების ძალადობას. “მე ასევე ვგმობ ძალადობას, რომელიც თბილისში ვიხილეთ, დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ დაამტკიცეს მათი ჭეშმარიტი მისწრაფება დემოკრატიის მიმართ და მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ იმ ძირითადი უფლებით, რაც მშვიდობიან გარემოში გამოხატვის თავისუფლებაა,”- აღნიშნავს ბურიჩი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები