მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცის (SEPA) სრულუფლებიანი წევრი გახდა. შედეგად, მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის ევროში უფრო სწრაფი და იაფი საბანკო გადარიცხვები გახდა ხელმისაწვდომი.
SEPA-ში გაწევრიანების სურვილი აქვს საქართველოსაც. განაცხადი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2022 წელს შეიტანა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ეტაპზეა ეს პროცესი საქართველოსთან დაკავშირებით.
SEPA ერთიანი ევრო გადახდის სისტემაა, რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს და აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს წევრი ქვეყნებისთვის. მომხმარებელს საშუალება აქვს ერთი და იმავე პირობებით ელექტრონულად გადაიხადონ ევროში, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან - თავიანთ ქვეყანაში თუ მის მიღმა. შესაბამისად, საჭირო აღარ არის SEPA-ს ქვეყნებთან გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ანუ შუამავლის გამოყენება.
ერთიანი ევრო გადახდის არეალის სისტემით ანგარიშსწორება დღეს საქართველოში მხოლოდ პეისერა ბანკის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. BMG-სთან ინტერვიუში „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, რა შეღავათი შეუძლია მიიღოს ამ სისტემაში ქვეყნის გაწევრიანებით როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირებმა.
„ჩვენ ვართ ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ჩართულია დღეს როგორც SEPA-ში, ისე SEPA Instant-ში. ე.წ გარანტირებული გადარიცხვა ევროში მხოლოდ და მხოლოდ 7 ევრო ღირს და ეს არის მყისიერი გადარიცხვები, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საქართველოში ლარშიც კი არ გვაქვს ჩვენ მყისიერი გადახდები დანერგილი.
კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდა სწავლობს ევროპაში და რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა თავიანთი ოჯახებიდან. იმისათვის, რომ ოჯახმა მოახერხოს ეს მხარდაჭერა, ოჯახს სჭირდება სულ მცირე სამი ან ოთხი გადარიცხვა თვეში.
ჩვეულებრივი ბანკიდან რომ გადარიცხოთ, ყველა ასეთ გადარიცხვაზე თქვენ დღე, დღე ნახევარი დაგჭირდებათ და სადღაც 35-დან 40 ევრომდე მაინც დაგიჯდებათ ეს გადარიცხვა, როდესაც SEPA Instant-ის შემთხვევაში, ეს არის 24/7-ზე ჩართული და თქვენ არა გაქვთ დაბრკოლება არც სამუშაო საათების და არც სამუშაო დღეების.
ძალიან ბევრი კომფორტი აქვს ამას და ამაზე იმუშავა ყველა ევროპულმა ქვეყანამ იმისათვის, რომ სტანდარტი ყოფილიყო ერთიანი, იმისათვის, რომ ანგარიშსწორების ნაწილი ყოფილიყო მარტივი, მათ შორის, კომპანიებისთვისაც.
ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს დიდი სავაჭრო ბრუნვა. მთელ ამ ანგარიშსწორებას სჭირდება ინფრასტრუქტურა და მხარდაჭერა. ასევე, ევროპაში არის 400 000 ქართველი, ზოგი ლეგალი, ზოგი არალეგალი. ამ ადამიანებსაც აბსოლუტურად ყველას სჭირდება ანგარიშსწორებისთვის ინფრასტრუქტურა, რომ მათ მოახერხონ როგორც თავიანთი ოჯახის წევრების აქ მხარდაჭერა, ისე ხანდახან აქედან იქით მხარდაჭერა. ყველაფერი ამისთვის, SEPA და SEPA Instant-ი, ანუ მყისიერი გადახდები არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
ჩვენი ბანკის მაგალითი რომ ავიღოთ, 7 ევროდ გარანტირებულად თქვენ გადარიცხავთ ნებისმიერ თანხას, ანუ მილიონიც შეგიძლიათ გადარიცხოთ. 100 000 ევროს გადარიცხავთ, მათ შორის, მყისიერად, ანუ 24/7-ზე, 365 დღე. თუმცა, რა თქმა უნდა, მას მერე, რაც SEPA ქვეყანაში დაინერგება, მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს ტარიფი კიდევ უფრო შემცირდება, ანუ კიდევ უფრო შეღავათიანი გახდება. ლარში გადარიცხვის ტოლფასი დანახარჯების უნდა იყოს შემდგომში უკვე ევროში და ევროპის ეკონომიკური სივრცის ვალუტებში გადარიცხვა.
ეს ძალიან დიდი შეღავათია. შეღავათი არის ხარჯების ნაწილში, შეღავათი არის სისწრაფის ნაწილში, შეღავათი არის ნდობის ნაწილში, შეღავათი არის ერთიანობის ნაწილში, იმიტომ, რომ შეგრძნებას ქმნის ძალიან კარგს, როდესაც შენს კონტრაგენტს ესაუბრები და საბანკო ანგარიშს აძლევ, ან ის გაძლევს საბანკო ანგარიშს და ტრანზაქცია ხდება ძალიან სწრაფად“,-აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.
SEPA-ს გეოგრაფიულ არეალში ჩართვისთვის ქვეყანა ევროპული გადახდების საბჭოს რამდენიმე თემატურ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის აპლიკანტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს, ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობა აქვს. SEPA დღეს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს, ევროპის ეკონომიკური ზონის 3 და ევროპის ეკონომიკური ზონის 6 არაწევრ ქვეყანას აერთიანებს და დღეიდან ამ სისტემის ნაწილია მოლდოვაც, რომელმაც საქართველოზე გაცილებით გვიან 2024 წელს მიმართა საბჭოს გაწევრიანების განაცხადით.




























