ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობს.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ნათია თურნავამ მსოფლიოს ერთ-ერთ, ყველაზე მსხვილ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai -ზე წარდგენილი საქართველოს პავილიონი დაათვალიერა და მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. მისი შეფასებით, საქართველო წელს მსოფლიოს ამ ერთ-ერთ გრანდიოზულ გამოფენაზე, რომელში მონაწილეობაც თითოეული ქვეყნისთვის დიდი პრესტიჟია ღირსეულად არის წარდგენილი.
„ექსპოს სტუმრებს საქართველოს პავილიონში შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის კულტურას, დამწერლობას, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
აღსანიშნია, რომ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai, რომელიც გასულ წელს კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაიდო, მსოფლიო მასშტაბით უდიდეს ღონისძიებას წარმოადგენს. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემატიკაა - „Connecting Minds, Creating the Future“, რომელიც იყოფა შემდეგ ძირითად თემებად: შესაძლებლობა, მობილობა და მდგრადობა.
ღონისძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს გაიხსნება და 6 თვის განმავლობაში, 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენაში მონაწილეობას 191 ქვეყანა იღებს.
საქართველოს პავილიონი განთავსებულია მდგრადი განვითარების პავილიონში და ჯამში 213 კვ.მ. საგამოფენო სივრცე აქვს გამოყოფილი.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტოლერანტობის მინისტრთან, ასევე ისეთ მსხვილ ჰოლდინგებთან, როგორებიცაა „აბუ დაბის განვითარების ფონდი“, „მუბადალა“, „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი“, „დუბაი ჰოლდინგი“, „დუბაი ინვესტმენტი“, „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია“, „არმადა ჯგუფი“ და ADIA (Abu Dhabi Investment Authority).