ამერიკულმა ნავთობგიგანტმა Exxon Mobil-მა ერაყის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო. როგორც Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, კომპანიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობსაბადოს, West Qurna 2-ის პროექტში Lukoil-ის 75%-იანი წილების შესყიდვა სურს. საუბარია საბადოზე, სადაც ყოველდღიურად 470,000 ბარელი ნავთობი მოიპოვება და გლობალური მიწოდების 0.5%-ს წარმოადგენს.
არსებული ინფორმაციით, ოფიციალური ბაღდადი ნავთობწარმოების ინდუსტრიაში ამერიკული გიგანტის დაბრუნებას დადებითად ხვდება და Exxon-ს Lukoil-ის ადგილმონაცვლედ განიხილავს.
ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ერაყის მთავრობა, თუმცა შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ რუსული ნავთობგიგანტის დასანქცირების ფონზე, ალტერნატივები არც ისე მრავალფეროვანია. ცნობისთვის, Exxon-ს არამარტო West Qurna 2-ის პროექტში Lukoil-ის წილის, არამედ მთლიანად, რუსული ნავთობგიგანტის აქტივების შეძენის სურვილი ჰქონდა, თუმცა ამ კუთხით მოლაპარაკებები გაჭიანურებულია.




























