სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი ირწმუნება, რომ "ქართული ოცნების" უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად, უნივერსიტეტებში "[ფაკულტეტები] არ უქმდება, მილევად რეჟიმში გადადის".
ამის შესახებ მან BMG-თან ინტერვიუში განაცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ რეფორმის ფარგლებში შემოღებული "ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის" მოდელი გარკვეულწილად სოხუმის უნივერსიტეტსაც შეეხო. "გარკვეულ ნაწილში შეგვეხო, მაგრამ ნაწილში არ შეგვეხო", - ამბობს ის.
"ჩვენ შევინარჩუნეთ საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად გადანაწილდა. ნებისმიერი ცვლილება, მით უმეტეს რეფორმა, მტკივნეული პროცესია. მსგავსი გამოცდილება ევროპულ ქვეყნებსაც აქვთ, მაგალითად, საფრანგეთს, სადაც უნივერსიტეტების გამსხვილებამ საბოლოოდ დაწესებულებების გაძლიერება გამოიწვია. ბუნებრივია, ჩვენს კოლექტივში არსებობს გარკვეული წუხილი, რაც განპირობებულია ჩვენი უნივერსიტეტის განსაკუთრებული სტატუსით – ეს არის პირველი დევნილი უნივერსიტეტი მსოფლიოში, თუმცა ჩვენ შევქმენით და განვაახლეთ პროგრამები, რათა შეგვენარჩუნებინა მიღების მაღალი მაჩვენებელი. ამ ეტაპზე საკმაოდ სოლიდური კვოტა გვაქვს", - თქვა მან.
როგორც ცნობილია, ქართული ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წელს, საბაკალავრო პროგრამებზე 380 სტუდენტის მიღებას შეძლებს. ეს მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ ნაკლებია გასული წლის მონაცემზე, როდესაც მისაღებ სტუდენტთა კვოტა 1 027-ს შეადგენდა.
თეა ჯუღელის შეფასებით, მიუხედავად სტუდენტთა კვოტების შემცირებისა [იყო 1027 და ხდება 380] უნივერსიტეტის დაფინანსების ახალი მოდელი ფინანსურ სტაბილურობასა და კვლევითი ცენტრების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
რექტორი ირწმუნება, რომ აკადემიური პერსონალი დატვირთვას არ დაკარგავს, რადგან პროფესორ-მასწავლებლები ახალ, ბაზარზე ორიენტირებულ პროგრამებზე გადანაწილდებიან. „ჩვენ არაფრის გვეშინია, ჭუბერი გამოიარა ამ ხალხმა... საინფორმაციო ტექნოლოგიები თუ არ გვექნება, აგროდრონების პროგრამა გვექნება. შეიძლება, მე აღარ წავიკითხო სამოქალაქო სამართალი, მაგრამ წავიკითხავ განათლების სამართალს, პირობითად ვამბობ...“, - აცხადებს თეა ჯუღელი და კატეგორიულად გამორიცხავს უნივერსიტეტის ლიკვიდაციის საფრთხეს, რაზედაც აკადემიური წრეების ნაწილი მიუთითებდა.




























