მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმა-კომპანიების ჰოლდინგურ სტრუქტურაში “რისკები არსებობს” - თამარ გაბუნია

619e16aab0e23
შოთა ტყეშელაშვილი
24.11.21 15:05
701
მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა კონკურენციის სააგენტომ, ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სააფთიაქო სექტორის მოწყობა შეიცვალოს და “ჰოლდინგური და არაპროფილური საქმიანობა გაიმიჯნოს”.

გუშინ კი ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ან 2022 წლის იანვარში პარლამენტს წარედგინება ახალი მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც ჯანდაცვის ჰოლდინგებს შეზღუდავს.

BMG-მ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ჰკითხა, ეთანხმება თუ არა ის პრემიერის შეფასებას, რა დროსაც მან ჯანდაცვის სფეროში ჰოლდინგური სტრუქტურა გააკრიტიკა და ხომ არ ფიქრობს, რომ პრემიერს ამ განცხადების დროს მასშტაბის ეკონომიის ფაქტორი გამორჩა, საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პირდაპირ არ გვპასუხობს, თუმცა ამბობს, რომ ის ამ სტრუქტურაში გარკვეულ რისკებს ხედავს.

“მასშტაბის ეკონომიას რა თქმა უნდა თავისი დადებითი მხარეები აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობები იყოს მკაფიოდ გამიჯნული და მარეგულირებელი ბერკეტები იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობები შენარჩუნებული იყოს ბაზარზე. იქნება ეს ექიმის დონეზე, სამედიცინო დაწესებულების დონეზე თუ ფარმაცევტული კომპანიის დონეზე, სხვადასხვა სახის რეგულაციები უნდა მოქმედებდეს, დაწყებული რაციონალური წამალდანიშვნიდან, დასრულებული საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომელიც დაიწყებს კონკრეტულად საუბარს ფასების რეგულაციაზე ამა თუ იმ კუთხით.

რა თქმა უნდა გარკვეული რისკები ამ ტიპის მოწყობაში არსებობს, რამდენად ხდება ამ რისკების დაბალანსება, როდესაც შეიძლება მკაფიოდ არ იყოს გამიჯნული სამართლებრივად მესაკუთრის და მომხმარებლების ინტერესი,”- აცხადებს თამარ გაბუნია.

უფრო რადიკალურია პრემიერი, რომელიც თან ამბობს, რომ ამ საკითხში არაა კომპეტენტური და თან ამტკიცებს, რომ რეგულირების გამკაცრება აუცილებელია.

“მედიკამენტების ბაზარს რაც შეეხება, მე ამის თაობაზე მოვისმინე კონკურენციის სააგენტოს შუალედური ანგარიში და უკვე მივეცი მსვლელობა. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვექნება პარლამენტთანაც და მინდა, რომ ეს კანონი გავიტანოთ. წლის ბოლომდე თუ არა, იანვარში მაინც მინდა, რომ მოვასწროთ ბაზრის რეგულირება ისე, როგორც გაკეთდა ევროპაში. მე, რა თქმა უნდა, ახლის გაკეთებას არ ვგულისხმობ, არ ვცდილობ რაღაც ახალი მოვიგონო, უნდა გაკეთდეს ისე, როგორც გაკეთდა ევროკავშირის წამყვან ქვეყნებშია.

მაგალითისთვის, რომ განვმარტოთ მოსახლეობისთვის: არსებობენ კომპანიები, რომელთაც აქვს საწარმო, აწარმოებენ მედიკამენტებს, ხარისხზე არ ვილაპარაკოთ ერთი მხრივ ამ ეტაპზე, ამას ლაბორატორიული დასკვნები სჭირდება და მე არ ვარ ამ საკითხებში კომპეტენტური. კომპანიას აქვს საწარმო, აქვს სააფთიაქო ქსელი, დისტრიბუცია, საავადმყოფოების ქსელი და აქვს სადაზღვეო კომპანია. მთელი წრე არის შეკრული. აქ საერთოდ რომელ კონკურენციაზე შეიძლება საუბარი და ძალიან ბევრი მანკიერი, უკვე პრაქტიკაში დამკვიდრებული სქემები და სისტემები არსებობს, რაც რეალურად, საბოლოო ჯამში, ეტყობა ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯიბეებს,”- აცხადებს პრემიერი.

საქართველოს წამყვანი სააფთიაქო ქსელები, არიან ჰოლდინგური კომპანიის შემადგენლები და აღნიშნული ჰოლდინგები წარმოდგენილი არიან როგორც მედიკამენტების საცალო და საბითუმო რეალიზაციის სექტორში, ასევე ჰოსპიტალურ და სადაზღვევო სექტორებშიც, ცალკეულ შემთხვევაში კი მათთან დაკავშირებულია ფარმაცევტული წარმოებაც. იმ შემთხვევაში თუკი სახელმწიფო მსგავს ჰოლდინგებზე შემზღუდავ ნორმებს დააწესებს, ბაზრის წამყვანი მოთამაშეები, მათი ქსელები და შემადგენელი კომპანიები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები