მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტული კომპანიების განცხადებაში ვერაფერი განსაკუთრებული ვერ ამოვიკითხე - ზურაბ აზარაშვილი

ზურაბ აზარაშვილი

ფარმაცევტული კომპანიების განცხადებაში ვერაფერი განსაკუთრებული ვერ ამოვიკითხე - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაბიზნესის ერთობლივ განცხადებას, რომელიც თავის მხრივ სამინისტროს ბრალდებებს მოჰყვა.

საქმე ის არის, რომ სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.

აღნიშნულ განცხადებას ფარმაბიზნესი გამოეხმაურა და ერთ-ერთ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს, რითაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს: „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი მედიკამენტი(დიოვანი) არის PSP-ს მიერ იმპორტირებული; ყველა დანარჩენს შესყიდულია ადგილობრივი მომწოდებლებისგან. დიოვანის ფასნამატი 26%-ია, ხოლო ყველა დანარჩენ მედიკამენტზე არა 3000%, არამედ მარჟა 29%-ს არ აღემატება“, - გაავრცელა PSP-მ და განცხადებას თან PSP-ს ქსელში იგივე მედიკამენტების შესასყიდი / გასაყიდი ფასები ერთვოდა.

აღნიშნულ განცხადებაზე „რუსთავი 2“-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ განცხადებაში განსაკუთრებული ვერაფერი ამოიკითხა.

კითხვაზე, კონკურენციის სააგენტო, მხოლოდ ფარმაბიზნესის საქმიანობას იკვლევს, თუ დისტრიბუტორების პასუხისმგებლობაც დგას, რომლებიც ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტებს გაზრდილი ფასით აწვდიან, მან შემდეგნაირად უპასუხა: „შეიძლება 6%-იანი მარჟა იყოს რაიმე მედიკამენტზე იმპორტის ფასთან მიმართებაში? მეც ვნახე ეს განცხადება და ვერაფერი განსაკუთრებული ვერ ამოვიკითხე. შეუძლიათ იმპორტის ფასები ამოიღონ კონკრეტულ მედიკამენტებზე და ნახონ ის მედიკამენტი აფთიაქში როგორ იყიდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრის ამ განცხადებამდე, რამდენიმე საათის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერია, რომ წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა და ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული.

„აღსანიშნავია, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, იმ წამლებზეც გავრცელდა, როლებზეც ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ“, - წერია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ასევე გამოეხმაურა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია, სადაც მიაჩნიათ, რომ ბოლო პერიოდში ფარმაცევტული სექტორის ავტორიტეტისა და რეპუტაციის შემლახავი კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები