დიდ ბრიტანეთში, Farnborough აეროპორტი ნოემბრიდან ყოველწლიურად, 50 000 ფრენის ნაცვლად, 70 000 ფრენის განხორციელებას აპირებს. აეროპორტის წარმომადგენლების განმარტებით, ფრენების ლიმიტის ზრდით 2040 წლამდე 1000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნიან და ბრიტანეთის ეკონომიკას 200 მილიონ ფუნტზე მეტს შემატებენ.
აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ფრენების რაოდენობის ზრდა საქმიანი მოგზაურობის მზარდ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რადგან Farnborough აეროპორტი ძირითადად კერძო თვითმფრინავებს ემსახურება.
აეროპორტის გეგმას კლიმატის აქტივისტებისგან პროტესტი მოჰყვა. ორგანიზაცია Extinction Rebellion-მა საჯარო კონსულტაციებზე ბანერი გამოფინა, წარწერით “ფრენა გადაშენებამდე”. თუმცა, როგორც აეროპორტის აღმასრულებელმა დირექტორმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, ფრენათა რაოდენობის ზრდის გარემოზე გავლენას ეკონომიკური სარგებელი აბალანსებს. საიმონ გირის თქმით, ფარნბონოში განხორციელებული ფრენების უმრავლესობას ძალიან მაღალი ეკონომიკური შედეგი აქვს, რის გამოც ექსპანსია აუცილებელიც კია.
აეროპორტის დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ მათი მიზანი 2030 წლამდე სათბურის აირების ემისიების წმინდა ნულოვან ნიშნულამდე დაყვანაა და იმედოვნებენ, რომ ფარნბორო გახდება პირველი ქალაქი მსოფლიოში, სადაც მხოლოდ მდგრად საავიაციო საწვავს გამოიყენებენ.