მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფართის გაქირავება/გაყიდვის შემთხვევაში შესაძლოა, ენერგოეფექტიანობის აუდიტის წარდგენა გახდეს საჭირო

643fb901b58e8
სალომე ხიდურელი
19.04.23 14:32
3756
2023 წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში კერძო და საჯარო სექტორისათვის შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი შევა ძალაში, რომლის მიხედვითაც, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ყველა ახალმა შენობამ ენერგო ეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

საკითხზე, თუ რა ცვლილებებს ითვალისწინებს ახალი რეგულაციები და როგორ აისახება ეს ცვლილებები კერძო პირების მიერ საკუთარი ფართების გაყიდვა/გაქირავებაზე, BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ვახტანგ ბეგიაშვილი, „ინტეკის“ უფროსი მრჩეველი საუბრობს.

„ეს 354-ე დადგენილება ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს შენობის კომპონენტებზე, მაგალითად: კარ-ფანჯრებზე, თბოიზოლაციაზე, იატაკზე - რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შენობის დიზაინის ეტაპზე იმისათვის, რომ სამშენებლო კომპანიამ მშენებლობის ნებართვა მიიღოს“, - ამბობს ვახტანგ ბეგიაშვილი.

მისი განმარტებით, რეგულაციები შეეხება ყველა შენობას, რომლის ფართობიც 50 კვ.მ.-ზე დიდია. მინიმალური მოთხოვნების კანონი, რომელიც ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა, ენერგო რეფორმის პირველი ეტაპია. როგორც ვახტანგ ბეგიაშვილი განმარტავს, მომავალი წლიდან ამოქმედდება მეორე ეტაპიც, რომლის ფარგლებშიც შენობებს კლასები მიენიჭებათ.

„ახალი კანონი უფრო მომხმარებლის მხარეს არის, იმიტომ, რომ დღეს როცა ადამიანი ბინას ყიდულობს, მან არ იცის რა შეისყიდა, არ ვიცით სახლის შიგთავსი. კანონმდებლობა კი მინიმალურ მოთხოვნებს აწესებს.

ჩვენ უკვე ვმუშაობთ შენობების კლასიფიცირებაზე, ეს პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდება და საქართველოში როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, ასევე შენობებზე, იქნება მინიჭებული კლასი A-დან F-ის ჩათვლით. ახალი რეფორმის მიხედვით მინიმალური მოთხოვნა შენობებზე D კლასი იქნება“, - ამბობს ბეგიაშვილი.

ინტეკის უფროსი მრჩევლის განმარტებით, გარდა შენობების კლასიფიცირებისა, მომავალი წლიდან სავალდებულო გახდება ენერგო აუდიტის სერტიფიკატიც.

„მეორე ეტაპიდან ამოქმედდება ენერგო აუდიტი. ანუ ფართის გაქირავების ან გაყიდვის შემთხვევაში გამყიდველმა/გამქირავებელმა უნდა წარადგინოს ენერგო აუდიტი, რომ მყიდველმა იცოდეს, რას ყიდულობს.

ამ რეფორმაზე აქტიურად ვმუშაობთ. ზოგადად, ენერგო აუდიტორი ახალი პროფესიაა და ჩვენ უკვე ვიწყებთ ტრენინგების პროგრამებს, რომელიც ასევე კანონქვემდებარე აქტით დამტკიცდება. იქნება შესაბამისი უწყებები, რომლებიც დარგის სპეციალისტებს ტრენინგებს ჩაუტარებენ და ენერგო აუდიტორობა იქნება ოფიციალურად აღიარებული პროფესია, რომელსაც მივმართავთ, თუ შესაბამისი საბუთი დაგვიჭირდება“, - აღნიშნავს ვახტანგ ბეგიაშვილი.

რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი უკვე მომზადებულია. ასევე ცნობილია, რომ სამშენებლო ხარჯები სექტორისათვის დაახლოებით 5%-ით გაიზრდება. წამყვანის კითხვაზე, რეალურად რამდენად დიდ ხარჯებთანაა ახალი რეგულაციები დაკავშირებული, სტუმარი აღნიშნავს, რომ შემცირებული კომუნალური გადასახადებით, ფინანსური სარგებელი ხარჯზე გაცილებით მაღალია.

„პირადი გამოცდილებით, 75%-ით შემიმცირდა კომუნალური გადასახადები მას შემდეგ, რაც ენერგოეფექტურ სახლში ვცხოვრობ. ვფიქრობ, მშენებლობის ხარჯების 5%-ით გაზრდა არ უნდა იყოს კრიტიკული მაჩვენებელი სამშენებლო სექტორისა და მომხმარებლებისთვის“, - ამბობს ვახტანგ ბეგიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები