მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარცხალაძის მოქალაქეობა - პრეზიდენტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კონსტიტუცია არ დაურღვევია

ოთარ ფარცხალაძე
BM. GE
26.09.23 14:02
25

პრეზიდენტი ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყეტის მიზეზს და გადაწყვეტილების ვადებს კიდევ ერთხელ განმარტავს. ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საკითხზე არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას.

ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან 7 დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს. მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ: 20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილისგან ყოფილი პროკურორისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასტურის შემთხვევაში ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავდა და მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იქნებოდა.

სალომე ზურაბიშვილის წინასწარი განცხადებების მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდებოდა. 19 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს მიმართავდა და ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით დასკვნის გადაგზავნა სთხოვა.

მიმართვის მიუხედავად, პრეზიდენტმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა და ეს ასე განმარტა: "სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე".

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

პრეზიდენტმა საკითხზე განმარტება უკვე მეორედ გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები