ქართული კომპანია FAS Group-ი, რომელიც ბიზნესისთვის სრულ საბუღალტრო მომსახურებას უზრუნველყოფს, ამერიკის ბაზარზე შესვლას გეგმავს.
FAS Group-ის მმართველი პარტნიორი, ნათია სხვიტარიძე BMG-სთან ამბობს, რომ პროცესი დაწყებულია და სავარაუდოდ 2025 წელს, კომპანია უკვე აშშ-ის ბაზარზე იქნება. მისი თქმით, გეგმა საინვესტიციო სამიტის პარალელურად გაჩნდა, რომელში მონაწილეობაც აშშ-ის საელჩოს მიწვევით მიიღო.
რამდენიმედღიან საინვესტიციო სამიტს, SelectUSA-ის, აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის ხელმძღვანელობით, საქართველოდან ორმოცდახუთი ბიზნესპერსონა დაესწრო.
როგორც ნათია სხვიტარიძე აღნიშნავს, მიღებულმა უკუკავშირმა მოლოდინს გადააჭარბა.
„ჩვენ მიწვეულები ვიყავით, როგორც ბუღალტრული და ფინანსური მომსახურების გამწევი ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც გადის ექსპორტზე. მოგვეცა წამყვან ორგანიზაციებთან, კომპანიებთან გასაუბრების საშუალება. FAS Group-ის შედეგი ის იქნება, რომ ამერიკის ბაზარზე შევალთ, ამის ყველა წინაპირობა გვაქვს, მათ შორის აშშ-ის საელჩოსგან უმაღლესი დონის მხარდაჭერა. უკვე გავიარეთ იურიდიული კონსულტაციები, რეგისტრაციის და ლიცენზიის აღების პროცესი დაწყებული გვაქვს და დაახლოებით 6-დან 12-თვემდე სჭირდება“,- ამბობს ნათია სხვიტარიძე.
ამასთან, კომპანიამ სამიტის ფარგლებში წარადგინა აპლიკაცია, FAS APP, რომელიც აგვისტოს ბოლოს ჩაეშვება. ნათია სხვიტარიძის განმარტებით, ის მცირე მეწარმეებს დაეხმარება დამოუკიდებლად, ავტომატიზებულად აწარმოონ ბუღალტრული აღრიცხვა და შედეგად, ფინანსები დაზოგონ.
„ახალ აპლიკაციას ვაკეთებთ, რომელიც წარვადგინეთ და ძალიან კარგი უკუკავშირი მოჰყვა. აპლიკაცია აღრიცხვას და დეკლარაციის გაგზავნას 4 ღილაკზე თითის დაჭერით გააკეთებს“,- აცხადებს ნათია სხვიტარიძე.
FAS Group-ი საქართველოში 2021 წლიდან ოპერირებს. კომპანია სააღრიცხვო და საკონსულტაციო სერვისებით 250-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურება. ასევე, ჩართულია საერთაშორისო პროექტებში. წელს კომპანია გერმანიის ბაზარზე შევიდა და ფილიალი ბერლინში გახსნა.