მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელის განვითარება მიღებული პრაქტიკაა - კობახიძე

კობახიძე

ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელის განვითარება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული მიდგომაა და მთავრობა შეისწავლის შესაბამის გამოცდილებას, – ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაშ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფასების რეგულირების საკითხზე განუცხადა.

მისი თქმით, თუ საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის შედეგად დადგინდება, რომ აღნიშნული მიდგომები საქართველოში ფასების გრძელვადიანი სტაბილიზაციის ეფექტური საშუალებაა, ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

„ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელის განვითარება არის მიღებული პრაქტიკა სხვადასხვა სექტორში. ჩვენ შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია, ამ ზომასაც მივმართავთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება ბიზნესთან და გადაწყვეტილებები მათთან თანამშრომლობით უნდა იქნეს მიღებული.

„მთავარია, პრობლემის გადაწყვეტის გზები ერთად გამოვნახოთ. ეს უნდა მოხდეს ბიზნესთან ერთად და აუცილებელია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა. ბუნებრივია, კონსულტაციები პირველ რიგში ბიზნესთან გაგრძელდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, მარკეტების რაოდენობის პირდაპირ რეგულირებასთან დაკავშირებული ზომების გატარება დღევანდელ ეტაპზე რთულია, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრაქტიკა ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს.

„ჩვენი მხრიდან რთული იქნება კონკრეტული რეგულაციების დაწესება უშუალოდ მარკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით. ასეთი პრაქტიკა არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ეს შესაძლოა პრობლემური იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განმარტებით, მთავრობა ფასების რეგულირების შესაძლო მექანიზმებზე მუშაობას გააგრძელებს და საბოლოო გადაწყვეტილებები საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით იქნება მიღებული.

ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 30 იანვარს შეხვედრა საწვავის კომპანიებთან გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები